ცესკო-მ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცესკო-მ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

2023 წლის პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.

ღონისძიება ცესკო-ს თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესში აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქცევის (ეთიკის) კოდექსი არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით, საჯაროდ დეკლარირებას ვუკეთებთ ყველა იმ პრინციპს, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად. შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ აღნიშნულ პროცესში ვიხელმძღვანელებთ ყველა იმ საკვანძო პრინციპითა და სტანდარტით, რომელიც მოცემულია აღნიშნულ დოკუმენტში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ქცევის (ეთიკის) კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მსგავსი ტიპის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

„ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობისთვის. აღნიშნული დოკუმენტი კიდევ უფრო ამყარებს და უკეთესს ხდის თანამშრომლობას არჩევნებიდან არჩევნებამდე. ასევე, ვაფასებთ საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობას შეხვედრებისთვის და მოსაზრებების გაცვლისთვის და ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა, გიორგი მონიავამ.

ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ასევე ისაუბრა „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსათვის“ ხელმძღვანელმა, ნატალია ხოხიაშვილმა.

„ცესკო წარმატებით აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აღნიშნული დოკუმენტი არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების თვითრეგულირების ქცევის კოდექსი, რომლითაც პირველი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ვიხელმძღვანელებთ“, – აღნიშნა ნატალია ხოხიაშვილმა.

ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა მოაწერეს. ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.

ცესკო-ს ცნობით, კოდექსზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდება.