შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ოპოზიციის პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ოპოზიციის პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა

29 აპრილის არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო მაღალ დემოკრატიულ მანდატს აძლევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 29 აპრილს ოპოზიციის პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა.

„რასაც ოპოზიცია წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა – პროპაგანდისტული მეთოდები დაემკვიდრებინა, ქართველმა ხალხმა პასუხი გასცა და თქვა, რომ ასეთ ცრუ ნარატივებს არ აჰყვება. საკითხები, რომლებსაც ცდილობდნენ ამ თვეების განმავლობაში, რომ წამოეწიათ, დაწყებული უკრაინის მიმართ სოლიდარობით იქნებოდა ეს თუ სტატუსთან დაკავშირებული საკითხი, ყველა ეს ყალბი ნარატივი მოსახლეობამ უარყო. ამას უპასუხა იმით, რომ უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას. ეს არის ის, როგორც ფუნქციონირებს დემოკრატია, როდესაც დემოკრატიული მანდატი გაიცემა სწორედ არჩევნების გზით. ამ არჩევნების შედეგებმა, რომელიც გადანაწილებული იყო ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით, გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო მაღალ დემოკრატიულ მანდატს აძლევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო თვეებში იყო მცდელობები, რომ საქართველოს მოსახლეობა განეწყოთ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ.

„იყო მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობა გაემიჯნათ ქვეყნის ხელისუფლებისგან. სწორედ ამ მცდელობის ნაწილი გახლდათ საუბრები, პირდაპირ თუ ირიბად, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქართველი ხალხი არის ერთ მხარეს და ხელისუფლება მეორე მხარეს. თითქოს რაღაც ერთი უნდა ქართველ ხალხს და ხელისუფლებას უნდა მეორე რამ. ეს ისმოდა როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც. ზუსტად ამ პროპაგანდამ განიცადა კრახი და ყველა ამ განცხადების ავტორს ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი და თქვა, რომ ის სრულად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.