შალვა პაპუაშვილმა რუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
შალვა პაპუაშვილმა რუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქალთა გაძლიერების საქმეში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და უფრო თანასწორი, მედეგი საზოგადოებების ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუანდაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სხვადასხვა თანამედროვე კრიზისის გათვალისწინებით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა მეტ მნიშვნელობას იძენს.

შალვა პაპუაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ფორუმში და მაქვს შესაძლებლობა, დავაფიქსირო ჩვენი ერთგულება გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრესის მიმართ. პარლამენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქალთა გაძლიერების საქმეში – გენდერულად სენსიტიურ პარლამენტებს შეუძლიათ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და უფრო თანასწორი და მედეგი საზოგადოებების ჩამოყალიბება. სხვადასხვა თანამედროვე კრიზისის, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტების, ჯანდაცვის კრიზისისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც განსაკუთრებულ ზეგავლენას ქალებსა და გოგონებზე ახდენენ, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა მეტ მნიშვნელობას იძენს.

მსურს, გაგიზიაროთ საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით:

2014 წელს საქართველომ მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ – საქართველოს თანამედროვე ისტორიაში აღსანიშნავი ნაბიჯი გენდერული თანასწორობის საკითხის შემდგომი უკეთესი რეგულირებისკენ. 2017 წელს სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ, საქართველო მუშაობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. საქართველომ გააძლიერა ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და შექმნა ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები, აგრეთვე, ცვლილებები შეიტანა რამდენიმე კანონში: ადევნებაზე დააწესა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მიიღო სექსუალური შევიწროების ახალი დეფინიცია, იძულებით ქორწინების უკანონოდ ცნობის კანონმდებლობა და სხვა.

2017 წელს თანასწორობის პრინციპი აისახა საქართველოს კონსტიტუციაში, რის შედეგადაც ყურადღება გადატანილ იქნა სტრუქტურულ უთანასწორობებთან ბრძოლაზე და სახელმწიფოს დაევალა სპეციალური კანონების, პოლიტიკისა და პროგრამების მიღება და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს. 2020 წელს შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში: განიმარტა ფეხმძიმობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება. ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებული გახდა, ქალებისთვისა და კაცებისთვის უზრუნველყოს თანაბარი ანაზღაურება თანაბარი სამუშაოსთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით 2020 წელს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არჩეულ ქალთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრესის მისაღწევად, პარლამენტები უნდა იყვნენ გენდერულად მგრძობიარე თავისი შემადგენლობის, სტრუქტურისა და ყოველდღიური საქმიანობის კუთხით. საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა მეთოდოლოგია პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შესაფასებლად. აღნიშნული შეფასება დაგვეხმარა მომავალი პრიორიტეტების განსაზღვრაში, მათ შორის, გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე.

საქართველოს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად. ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე. მიმდინარე საპარლამენტო განხილვები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე, მათ შორის გენდერული ზეგავლენის შეფასების დანერგვაზე, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ჩამონათვლის გაფართოებაზე და სხვა. ამასთანავე, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ და მივიღოთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია.

საქართველოს პარლამენტი მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პარტნიორ პარლამენტთან ამ საკითხზე თანამშრომლობისთვის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას გენდერული თანასწორობის მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.