შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა

ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა შვიდი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ ხვალისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციის და „ენჯეოების“ ჯგუფი უკვე გაფორმებული სიმბიოზია. აქამდე ცდილობდნენ, რომ ფარული ყოფილიყო, დღეს კი უკვე ხილულია. ეს ერთი სიმბიოზია, ერთი ორგანიზმია „ენჯეოების“ გარკვეული ჯგუფისა და ოპოზიციის, რომლებსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავთ, მფარველიც ერთი ჰყავთ, შემგულიანებელიც ერთი ჰყავთ და გეგმების დამსახველიც ერთი ჰყავთ. ეს ანტიქართული მოძრაობაა, რომელიც გაფორმდა ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით. კარგია, რომ ეს ანტიქართული მოძრაობა ქართველმა ხალხმა დაინახოს. ჩამოიხსნეს ყველა ნიღაბი და ყველასთვის ნათელი გახდა, რასთან გვაქვს საქმე – ეს ერთი პატარა დაჯგუფება, საბოლოო ჯამში, როგორც ანტიქართული მოძრაობა, ასე გაფორმდება და ასე დაინახავს ქართველი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.