შალვა პაპუაშვილი - საპატრიარქოს განცხადების ფონზე, ოპოზიციასა და ენჯეოსექტორში ვნახეთ ნიღბის სრული ჩამოხსნა, ესაა ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანთა ჯგუფი
შალვა პაპუაშვილი - საპატრიარქოს განცხადების ფონზე, ოპოზიციასა და ენჯეოსექტორში ვნახეთ ნიღბის სრული ჩამოხსნა, ესაა ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანთა ჯგუფი

ქართული ეკლესია ყოველთვის ქართველ ხალხთან დგას, ეს არის სიმბიოზი ერისა და ბერისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია და ზოგიერთი ენჯეოჯგუფი ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფია.

„საპატრიარქოს განცხადების ფონზე, ოპოზიციასა და ენჯეოსექტორში ვნახეთ ნიღბის სრული ჩამოხსნა. ეს პროცესი სასარგებლოა, რადგან  სრული ლუსტრაციაა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ესაა ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ზუსტად ახლა ლუსტრაციის პროცესი გაიარა, სრულად ჩამოიხსნა ნიღაბი. მტრული რიტორიკით ვნახეთ ზოგიერთი „ენჯეოსა“ და ოპოზიციის გამოხმაურება ამ განცხადებაზე. ესაა მტრული დამოკიდებულება იმ ინსტიტუციაზე, რომელიც ქართული იდენტობის ნაწილია. ამიტომ უნდათ, ამ ტრიადაში შეცვალონ სარწმუნოება და ჩაანაცვლონ ფასეულობებით. სინამდვილეში, ესაა ფასეულობების არმქონე ოპოზიცია, ზოგიერთი ენჯეოჯგუფი, რომელიც ცდილობს ნამდვილი ქართული ღირებულებების ჩანაცვლებას გამოგონილი, ფიქტიური ღირებულებებით. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, 29-ში ყველამ დაინახოს, სად დგას ერი, ბერი, რა არის საქართველო, რა არის ჩვენი რწმენა მამულისა, ერისა და სარწმუნოებისა. ეს იქნება დღე, როდესაც გამოჩნდება, სადაა ქართველი ხალხი და სადაა ის ოპოზიცია და „ენჯეოების“ ერთი ჯგუფი, რომლებიც ემსახურებიან არა ქართველ ხალხს, არამედ თავიანთ უცხოელ მფარველებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „დაპირისპირება საზოგადოებაში ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის, ქვეყნის წინსვლა უნდა იყოს დაფუძნებული სიტყვებზე: „მამული, ენა, სარწმუნოება“.