შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია და „ენჯეო“ გაერთიანდნენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, როგორი რუსები ვართ, ყველა ვნახავთ 29 აპრილს
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია და „ენჯეო“ გაერთიანდნენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, როგორი რუსები ვართ, ყველა ვნახავთ 29 აპრილს

იმ წერტილამდე მივიდა ზუსტად უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ დონორები ქართველ ხალხს ესხმიან „ენჯეოების“ პირით, ენჯეოებს“ ალაპარაკებენ და აძახებინებენ ქართველი ხალხის მიმართ რუსებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტენ.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან საკუთარი დონორების და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.

„სინამდვილეში, ზუსტად ამ არასამთავრობოების ჯგუფის გამჭვირვალობაზეა საუბარი კანონში, რომლის უკანაც დგანან დონორები. ამ დონორებს იმდენად უნდათ, დამალონ და ფარულად ხარჯონ თავიანთი ფული, რომ ამ „ენჯეოებს“ ალაპარაკებენ და აძახებინებენ ქართველი ხალხის მიმართ რუსებს. ამ წერტილამდე მივიდა ზუსტად ეს უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ ქართველ ხალხს ესხმიან დონორები „ენჯეოების“ პირით, რაც არის სირცხვილი, საერთო ჯამში, და ეს არის ზუსტად ქართველ ხალხზე თავდასხმა. რაც შეეხება განცხადებას, რომ არ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, კიდევ ერთხელ, ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, ამ ქართველი ხალხის ხელისუფლებას ეძახიან რუსებს. მაშინ, რა ქვეყანაში არიან საერთოდ, ვის წარმოადგენენ? ეს არის პრობლემა, რომ მათ ხალხი ხალხად არ მიაჩნიათ, ამ ხალხის ხელისუფლება ხელისუფლებად არ მიაჩნიათ. ისინი ემსახურებიან საკუთარი დონორების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს და ვხედავთ ჩვენ, უკვე თავს ესხმიან ქართველ ხალხს, სამარცხვინოდ, რუსებს ეძახიან ქართველ ხალხს. ასევე, ამ „ენჯეოებმა“ ამ განცხადებით, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარეს საკუთარი თავის მიმართ ნდობას, რადგან, საბოლოო ჯამში, გაფორმდნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების წარმომადგენლები იმ მხრივ, რომ არ აინტერესებთ საერთოდ, ქართველ ხალხს არც კი უყურებენ. ერთადერთი ინტერესი, რასაც ისინი ახორციელებენ, არის მათი დონორების ინტერესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე გამოვიდეს ქართველი ხალხი, რაც იქნება პასუხი იმ „შავ ფულზე,“ რომელიც, პაპუაშვილის განცხადებით, დონორების მხრიდან იხარჯება საქართველოში.

„სინამდვილეში, მიზანი არის ის, რომ დამალონ ფინანსები. ეს არის ზუსტად „შავი ფულის“ დამალვის ტაქტიკა, „შავი ფულის“ ტრიალის ტაქტიკა ქართულ პოლიტიკაში და ენჯეოსექტორში, რათა დონორებმა „ენჯეოების“ სახელით გავლენა მოახდინონ ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე. ზუსტადაც ვხედავთ, რომ ეს მილიონები, რაც იხარჯება, ზუსტად ამ ტაქტიკით, სუფთა სპეცსამსახურების ტაქტიკით, იარლიყების მიკრობით არის მცდელობა, რომ ქართველი ხალხი დატოვონ ამ ცოდნის გარეშე, თუ რაში იხარჯება ეს ფული. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ეს არის მთავარი პრობლემა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, 29 აპრილს გამოვიდეს ქართველი ხალხი. ეს იქნება პასუხი იმ შავ ფულზე, რომელიც დონორების მხრიდან იხარჯება საქართველოში. ეს იქნება პასუხი იმ „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს. სამარცხვინო განცხადებები რომ მოვისმინეთ გუშინ, ოპოზიცია და „ენჯეო“ რომ გაერთიანდნენ და ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, აი, როგორი რუსები ვართ, ვნახავთ ყველანი 29 აპრილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არის გამჭვირვალობის, „ენჯეო“ სექტორი კი – გაუმჭვირვალობის მაგალითი.

„ეს არის სწორედ ის აბსურდი, რაშიც დგას ახლა „ენჯეო“ სექტორი და მათ შორის მედია, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ თავად იყვნენ გამჭვირვალე, როგორც ჩანს, აქეთ შემოტევების მეთოდი აქვთ ახლა არჩეული. საქართველოს ხელისუფლება თავის გამჭვირვალობის დონით ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასაც შეედრება, მათ შორის პარლამენტი. პარლამენტის ყველა კომიტეტის სხდომა არის საჯარო და ღია. ვნახეთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რამდენ პარლამენტში არის კომიტეტების სხდომა ღია; თითზე ჩამოსათვლელია ასეთი. ასე რომ, საქართველოს სახელმწიფო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას მისცემს გამჭვირვალობის მაგალითს და ბევრი ჯერ კიდევ უნდა დაგვეწიოს გამჭვირვალობაში. რაც შეეხება „ენჯეო“ სექტორს და მედიას, ეს არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი საქართველოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ „ენჯეო“ სექტორი ამოვიდეს გამჭვირვალობის იმ დონეზე, სადაც დღეს არის ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.