შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია მტკიცებულების გარეშე ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე, თუმცა მთელი ეს ყალბი კამპანია ხუხულასავით ჩამოიშალა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია მტკიცებულების გარეშე ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე, თუმცა მთელი ეს ყალბი კამპანია ხუხულასავით ჩამოიშალა

მთავრობისათვის პრორუსულობის დაბრალება მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იყო ოპოზიციის სამარცხვინო არსენალში. არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის ის, რაც ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იკადრა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და საზოგადოებას მარტოს უწევს. მისი თქმით, ამ კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, წესით, ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს.

„ოპოზიცია, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ლამის ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე. ხოლო საქმე საქმეზე რომ მიდგა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების წარდგენა ითხოვა, ვერანაირი დასაბუთებული პრეტენზია ვერ იქნა წარმოდგენილი და მთელი ეს ყალბი კამპანია ხუხულასავით ჩამოიშალა. მართალია, დეზინფორმაცია გამოაშკარავდა და სიყალბეც გაირკვა, მაგრამ საქართველოშიც და უცხოეთშიც უსიამოვნოდ ჩარჩა განცდა, რომ თითქოს რაღაც არ იყო წესრიგში, თითქოს ადგილი ჰქონდა დემოკრატიის დარღვევას. საბოლოოდ, დეზინფორმაციის ამოცანაც ხშირად ხომ ზუსტად ესაა – დატოვოს უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, თუ რა არის სიმართლე და ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ აქტიურად აითვისა ეს მარტივი, უხეში და სამარცხვინო მეთოდი და დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში, მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას მარტოს გვიწევდა. კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, წესით, ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდევაც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა. ვინაიდან რადიკალიზმი ქართული კულტურისთვის უცხო და მიუღებელია, ამიტომ რადიკალი პოლიტიკოსებისა და მათი მოკავშირე ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რომელიც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული. ხალხი არ უსმენს რადიკალებს. რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.