შალვა პაპუაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ პროექტის ყოველი სიტყვა ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული და მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა, იმედი მაქვს, პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს
შალვა პაპუაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ პროექტის ყოველი სიტყვა ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული და მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა, იმედი მაქვს, პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ყოველი სიტყვა ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული და მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს.

„ვხედავდით, რომ კიდევ ერთი რეკომენდაციის საბოტირების მცდელობა, მისი ჩაგდების სურვილი იყო, რის გამოც საკითხის საგნობრივი განხილვა გვქონდა. ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ამ პროექტის ყოველი სიტყვა, ყოველი მძიმე, ყოველი წერტილი ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული. მთლიანი პროექტი ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. მათ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა რამდენჯერმე გადავუხადე. სხვათა შორის, ევროკომისიასთან მუშაობას ისევ ვაგრძელებთ სხვა საკითხებზე.

რაც შეეხება უხამსობის ნაწილს, ესეც აჩვენებს, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერია ის ხალხი, ვინც საზოგადოებაში თავს ექსპერტებად წარმოაჩენს ხოლმე და ამ დროს საზოგადოებას უმალავენ, რა არის სიმართლე. საუბრობდნენ, უხამსობა რას ნიშნავს, ეს ტერმინი როგორ უნდა გავიგოთო. ეს ტერმინი კანონში 2005 წლიდან, იმ დღიდან არსებობს, როცა მიღებული იყო. საქართველოში უხამსობა, 20 წელია, რეგულირდება. საუბარს, თითქოს ჩანაწერის გაკეთება მოხდა და პანიკა ატეხეს, ერთადერთი მიზანი ჰქონდა – პროცესის ჩაშლა, რათა რეკომენდაცია არ შესრულებულიყო. ეს პროექტი ძირითადი შინაარსით 2018 წლიდან იყო მზად და მაშინ აქტორებმა პროექტის მიღება სწორედ ასეთი პანიკური მომენტებით ჩაშალეს. ამის გამო საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ კრეატიული შემოქმედებითი ევროპის ფონდის დაფინანსებიდან გავრიცხულიყავით. ჩვენ პირდაპირ ევროკომისიასთან ვიმუშავეთ და ყოველი სიტყვა, ყოველი წერტილი, მძიმე შეთანხმდა. უხამსობის ტერმინი, 20 წელია, არსებობს და ახლა გახდა პრობლემა? ეს სიტყვასიტყვით ერთი მუხლიდან მეორე მუხლში გადავიდა.

რაც შეეხება იმპლემენტაციის დროს შიშებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეგულაცია კეთილსინდისიერად და კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. როგორც ევროკავშირი, ასევე ჩვენ დავაკვირდებით, როგორ მოხდება რეგულაციების შესრულება. პროცესი მთლიანად გამჭვირვალეა და ყველაფერს დაინახავთ. რაც შეეხება ევროკავშირის დირექტივებს და მათ იმპლემენტაციას ქართულ კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, კანონი მთლიანი დირექტივის ასლი არ არის, დირექტივა არის მინიმალური სტანდარტი, რაც უნდა არსებობდეს. უხამსობა რეგულირებული უნდა იყოს და აკრძალვაზე არ არის საუბარი, საუბარია არასრულწლოვნების დაცვაზე. უხამსობა წერია წინადადებაში, რომელიც სიტყვით „პორნოგრაფია“ იწყება და ეს ამ კონტექსტშია ნახსენები და არა სხვა კონტექსტში, რაზეც საუბრობენ ხოლმე. ეს არის არასრულწლოვნების დაცვისთვის. რაც შეეხება ვეტოს, იმედი მაქვს, პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.