შალვა პაპუაშვილი - გარკვეული ბედისწერის საკითხია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რამდენიმე საათში სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად გულაგების პრეზიდენტი უწოდა
შალვა პაპუაშვილი - გარკვეული ბედისწერის საკითხია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რამდენიმე საათში სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად გულაგების პრეზიდენტი უწოდა

გარკვეული ბედისწერის საკითხია, რამდენიმე საათი იყო გასული ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებიდან, რომელიც სააკაშვილს დევნილობაში მყოფ ადამიანს უწოდებდა, ევროპულმა სასამართლომ კი გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირ პოლიტიკურ შეფასებაზე უფრო ძლიერი შეფასება მისცა სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

„გარკვეული ბედისწერის საკითხია, რომ რამდენიმე საათი იყო გასული ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებიდან, რომელიც სააკაშვილს დევნილობაში მყოფ ადამიანს უწოდებდა, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა და რომლის წინააღმდეგაც არა კანონი აღსრულდა, არამედ პირადი ვენდეტა, ეს იყო დედააზრი ამ რეზოლუციის და რამდენიმე საათში ევროპის ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციამ – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი.

სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც ადამიანი იჩაგრებოდა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, რომ ეს იყო მთლიანი სისტემის ნაწილი და ეს არ იყო ცალკეული შემთხვევები. ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაც ხდებოდა. ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის აღწერილი ის წამების ფაქტები, რაც ჩვენმა საზოგადოებამ იცის და ეს ჩვენი ისტორიაა. სწორედ ამ ისტორიის გადაწერას გვთხოვს ახლა პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ დამნაშავის დასჯას უნდა ვუწოდოთ პირადი ვენდეტა. ეს არის სიყალბის სიმართლედ წარმოჩენის მცდელობა, როდესაც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ გადავხედოთ და გადავწეროთ ჩვენი ისტორია, დავივიწყოთ და ამოვაგდოთ ჩვენი მეხსიერებიდან, რა სისტემა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი პასუხი იყო ამ რეზოლუციაზე. ყველანაირ პოლიტიკურ შეფასებაზე უფრო ძლიერი შეფასება მისცა სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენიმეჯერ.