შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდის, ეს არის საბჭოთა ქცევა, ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა - საბჭოთა კავშირში
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდის, ეს არის საბჭოთა ქცევა, ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა - საბჭოთა კავშირში

მიუღებელი, არაევროპული ქცევაა, როცა ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ. ეს არის ევროპული მიდგომა? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ხელს არ უწყობს ქვეყნებს შორის მეგობრობას.

„ეს არის ტიპური საბჭოთა მიდგომა საკითხის მიმართ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რომ არ ეხებოდეს, ადამიანი პირდაპირ ანაბეჭდს ნახავდა საბჭოთა ან რუსული მიდგომისას. არასწორი საქციელი იყო, რაც ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ ვიხილეთ. პრინციპში, ეს უარყოფაა მეგობრობისა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს, უარყოფაა სოლიდარობისა, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის 80-იანი წლების ბოლოს ლიეტუველი და ესტონელი ხალხის მიმართ იჩენდა.

სამწუხაროა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი საკუთარი პოლიტიკური გადმოსახედიდან უყურებს ყველაფერს და მზად არის, წყალში გადაყაროს მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევაა, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ. არათუ სადმე აკეთებ განცხადებას, კომენტარს, არამედ მიტინგზე გამოდიხარ. ეს სადაური მიდგომაა? ეს არის ევროპული მიდგომა?

ამან ჩვენ დაგვამწუხრა, ასევე დაგვაფიქრა იმაზე, რომ ზოგიერთებს, ქვეყნის შიგნით რომ „ენჯეოები“ და ოპოზიციაა, როგორც ჩანს, ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონია. ეს დიდი ხანია, ვნახეთ. რომ გვეუბნებიან, ცალ ფეხზე ვიდგეთ, დისკუსია, მოლაპარაკება კი არ გვქონდეს ევროკავშირთან, არამედ მორჩილება, უკრიტიკო გაყოლა ყველა საკითხზე – როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსიც ასე გვიყურებს. გვიყურებს, როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარქვეყანას, რომელსაც შეუძლია, მითითებები მისცენ. ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა – საბჭოთა კავშირში. ჩვენს ქვეყანაში სტუმრად როცა ჩამოდიან და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან, ეს არ არის ევროპული ქცევა, ეს არის საბჭოთა ქცევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.