შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან, ზუსტად ეს არის არაევროპული ქცევა
შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან, ზუსტად ეს არის არაევროპული ქცევა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდიან, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ძირის გამოთხრა ან გარკვეული ჩრდილის მიყენება იმ მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვაჩვენებთ ჩვენს მეგობრებს, განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებს, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეm, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არაევროპული ქცევაა.

„საქართველოს 30-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ, თან იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები არიან, არამედ ისტორიული კავშირი გვაქვს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდიან, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ძირის გამოთხრა ან გარკვეული ჩრდილის მიყენება იმ მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვაჩვენებთ ჩვენს მეგობრებს, განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებს, რომლებთანაც ისტორიული კავშირები გვაქვს. ამიტომ ქართველი ხალხის მიმართ არასწორი საქციელი იყო, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს დაუშვებელია და ზუსტად ეს არის არაევროპული ქცევა, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და იმ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგში იღებ მონაწილეობას.

ასეთ ევროპასთან ჩვენ თავს არ ვაიგივებთ. ხანდახან საუბარი არის ხოლმე ევროპულ ღირებულებებზე, რომ შესაძლოა, რაღაც აცდენები იყოს. ამ პუნქტში ჩვენ აცდენილი ვართ, ჩვენ ევროპას ასეთს არ ვხედავთ, ევროპული ღირებულება არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩავიდეთ მეგობრებთან და მათი ხელისუფლების წინააღმდეგ მიტინგები დავაორგანიზოთ, მასში მონაწილეობა მივიღოთ. წარმოიდგინეთ, ჩვენი ხელისუფლებიდან რომელიმე პოლიტიკოსი ჩასულიყო ვილნიუსში, ტალინში, ბერლინში ან სხვა დედაქალაქში და იქ საქართველოს სახელმწიფოსგან დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგში მიეღო მონაწილეობა, იმ სიტყვით გამოსულიყო, რა სიტყვითაც გამოვიდნენ ევროპელი პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე. ხომ წარმოგიდგენიათ მათი რეაქცია ამ საკითხის მიმართ? ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ აცდენილი ვართ ერთმანეთის ღირებულებებს, ჩვენთვის ევროპული ღირებულება არ გულისხმობს პარტნიორთან ჩასვლას სტუმრად და იქაური ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოსვლას. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ევროპულ ღირებულებას, არამედ ევროპულ ტრადიციებსაც. სტუმარმასპინძლობა ქართველებს სხვაგვარად გვესმის. ჩვენ როცა სტუმრად ვართ, პატივს ვცემთ მასპინძლებს, მასპინძელ ხალხს. მასპინძელ ხალხს პატივს როცა არ სცემ და რადიკალური ოპოზიციის ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიხარ, ეს ქართველი ხალხის აშკარა და უხეში უპატივცემულობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს.