შალვა პაპუაშვილი - ჩანს, დანიის ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ იყო, აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მომხდარიყო
შალვა პაპუაშვილი - ჩანს, დანიის ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ იყო, აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მომხდარიყო

დანიის ელჩმა სავარაუდოდ ვერ შეძლო საკუთარი აზრის ისე წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი არ ჰქონოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დიპლომატების არაკომპეტენტურობა საზოგადოების თვალში წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას იწვევს.

„ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციიდან გამომდინარე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი საკითხი. ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მნიშვნელოვანია რეაგირება. გუშინ ვნახეთ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, იმით, რომ ელჩმა ვერ მოახდინა საკუთარი აზრის ისე ფორმულირება, რომ სწორად გაგებულიყო. არაკომპეტენტურობა თუ არის, რომ ელჩი კონტექსტებში ვერ სვამს საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ, რომ ეს არის არაკომპეტენტურობა.

სამწუხარო და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა, საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოების თვალში წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას იწვევს ხოლმე. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, დანიის საელჩო ჩემს განცხადებასაც შესაბამისი კონტექსტით გაიგებს.

დანიის საელჩომ თქვა, რომ ელჩის ოპედი არ იქნა გაგებული სწორად, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. ელჩმა სავარაუდოდ ვერ შეძლო საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა. როდესაც განცხადება კეთდება, რომ კონტექსტის არასწორად გაგება მოხდა, ჩანს, რომ ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ იყო, საკუთარი აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მომხდარიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.