შალვა ოგბაიძე - მეზობელმა ტაქსის მძღოლმა დამაბარა მერიის ახალგაზრდულ გუნდთან, გადაწყვეტილებების მიღებას არ შეუშინდნენ
მეზობელმა, რომელიც არაჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ შეიტყო და მერიის ახალგაზრდულ გუნდთან დამაბარა, გადაწყვეტილებების მიღებას არ შეუშინდნენ, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მის განწყობას მეც სიამოვნებით ვუერთდები და მერიის ხელმძღვანელობას, რომელიც ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, ვუსურვებ, გამოწვევებს არ შეუშინდნენ“, – განაცხადა ოგბაიძემ.
მისი თქმით, სატრანსპორტო სფეროს ორი მთავარი სუბიექტი გააჩნია – ადამიანები, რომლებიც მეტად მძიმე და საპასუხისმგებლო საქმიანობით ოჯახს არჩენენ და მეორე, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ამ სერვისს იღებენ.
„მათი ურთიერთობა ახალი თამაშის წესებით უნდა დარეგულირდეს. წესრიგის დამყარებით დაინტერესებული არიან პროფესიონალი ტაქსის მძღოლები, სადისპეტჩერო სამსახურები, მცირე ზომის სატაქსო მოტორო პარკები, რომლებიც არათანაბარ კონკურენტულ პირობებში არიან და ა.შ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები და ტექდათვალიერების ამოქმედება მანქანების გაჩერებას და თვითდასაქმებულთა უმუშევრად დატოვებას, შალვა ოგბაიძემ თქვა, რომ როცა საკითხი ადამიანის უსაფრთხოებას ეხება, ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას.
„ის დრო გამახსენდა, როცა საუბარი ღვედების შემოღებაზე დავიწყეთ და ამის გამო რაღა არ დაგვწამეს, მაგრამ როცა საუბარი ადამიანის უსაფრთხოებასა და გარკვეულ წესებზეა, რომელიც ამ სფეროს აწესრიგებს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ექიმს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს, ხელი არ უნდა აუკანკალდეს“, – განაცხადა საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა.
შალვა ოგბაიძემ ასევე თქვა, რომ პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების ჩართულობით წარიმართება.
„მე, როგორც თქვენი წარმომადგენლობითი ორგანოს რიგითი წევრი, გარანტიას ვიძლევი, თითოეული ნაბიჯი გამჭვირვალე იქნება. მე რომ მკითხოთ, მაგალითად, ვისურვებდი, თბილისის ტაქსი ჩემი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდეს და ისეთივე ბრენდი იყოს, როგორც ლონდონის, ბერლინის, ბარსელონისა და ნიუ იორკის ტაქსი. ვფიქრობ, ამისკენ ერთად მივალთ“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.