შალვა ოგბაიძე 26 მაისზე - ეს იყო ოპერაცია „ყულფი“, გასაქცევი არ დაგვიტოვეს, 1000-ზე მეტი დაიჭირეს, ოთხი ადამიანი კი დაიღუპა
ჩემი შვილები უღმერთოდ აწამეს, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში. როდესაც თვალი გავახილე, თავზე მედგა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც გასცა ბრძანება, ადგილზე დავეპატიმრებინეთ. საბუთიც კი არ შეუდგენიათ, რომ დაპატიმრებული ვიყავი, – ასე იხსენებს 2011 წლის 26 მაისს საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე.
როგორც ოგბაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის შვილს ციხეში ყოველდღე აწამებდნენ და თან „მიშა მაგარიას“ ასმენინებდნენ.
„რაც შეეხება ჩვენს ოჯახს, გაიყიდა ჩემი ქონება, სახლ-კარი, მიწა, ნაკვეთი და ა.შ. მაგრამ ამას კიდევ გადაიტანს ადამიანი. ჩემს უფროს ვაჟს უღმერთოდ აწამებდნენ, წყალს უსხამდნენ ლეიბზე, ყოველი დილა იწყებოდა ცემით. საათში ერთხელ „მიშა მაგარიას“ ასმენინებდნენ. 9 აპრილის მონაწილეც ვარ და 1989 წლიდან არც ერთი მიტინგი, არც ერთი თავყრილობა ჩემი და ჩემი მეგობრების გარეშე არ ჩატარებულა, მაგრამ ასეთი სისასტიკე, რაც ჩვენ 26 მაისს ვანახეთ, არ მინახავს. ეს იყო ოპერაცია „ყულფი“, როდესაც გასაქცევი არ დაგვიტოვეს, როდესაც დააპატიმრეს 1000-ზე მეტი ადამიანი, ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემდგომ, გვამების მოყვარულმა ვანო მერაბიშვილმა ერთი გარდაცვლილი ადამიანი ზემოთ, სახურავზე რომ შემოდო, ესეც ყველამ ვნახეთ. ეს იყო უსასტიკესი, ბართლომეს, სააკაშვილის ღამე. ამიტომ, ეს ორგანიზაცია ფეხს ვერასდროს მოიკიდებს საქართველოში. სააკაშვილმა და ამ ორგანიზაციამ, როგორც დამნაშავე ორგანიზაციამ, პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.