სეტყვის შედეგად დაზარალებული მევენახეები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას 10-დან 20 სექტემბრამდე შეძლებენ
სეტყვის შედეგად დაზარალებული მევენახეები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას 10-დან 20 სექტემბრამდე შეძლებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი აცხადებს, რომ სეტყვის შედეგად დაზარალებული მევენახეები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას 10-დან 20 სექტემბრამდე შეძლებენ.

„მთავრობის დაპირება იყო, რომ სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს დახმარება უნდა მიეღო ჰექტარზე 3 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მევენახეები, რომელთაც მოსავალი სრულად გაუნადგურდათ და ვერც ერთი კილოგრამი დაზიანებული ყურძნის ჩაბარება ვერ შეძლეს ქარხნებში, პირდაპირი დახმარების სახით მიიღებენ 3 000 ლარს ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომელიც ჯამურად 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო ის მევენახეები, რომლებმაც ჩააბარეს ყურძენი, მაგრამ 3 000 ლარზე ნაკლები თანხის აღება მოუწიათ, პირობითად 1 000 ლარის ყურძენი ჩააბარეს ჰექტარზე, მათ სახელმწიფო მისცემს 2 000 ლარს, ანუ შეუვსებს 3 000 ლარამდე პირდაპირი დახმარების სახით. მნიშვნელოვანია, რომ ვენახი იყოს რეგისტრირებული ღვინის ეროვნული სააგენტოს კადასტრში, მევენახემ მოგვმართოს ჩვენს რეგიონულ სამსახურებში და გააკეთოს განაცხადი აღნიშნული დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. განაცხადში უნდა მიუთითოს, როგორც ვენახები, რომლებიც დაზიანდა, ასევე კადასტრის კოდი, განმცხადებლის მონაცემები და ა.შ., ადგილზე კონსულტაციას გაუწევენ ჩვენი თანამშრომლები. ამის შემდეგ, ამ მონაცემებს დავამუშავებთ, შეიქმნება მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფი, რომელიც გავა ადგილზე და დაადასტურებს, რომ ნამდვილად ამ პერიოდებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა ვენახი და დამუშავებული ინფორმაცია გადაეცემა „ლიბერთი ბანკს“, შესაბამისი თანხები კი, ბენეფიციარებს ჩაერიცხებათ ანგარიშებზე.

აღნიშნული დახმარება ვრცელდება ყველა მევენახეზე, ვინც ამ სტიქიის შედეგად დაზარალდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვენახი ჰქონდა თუ არა დაზღვეული; მთავარია, მიწა იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს კადასტრში აღრიცხული. განაცხადების მიღება 10 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.