სერგი კაპანაძე - ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია იყო ხელოვნურად მოწყობილი საჯარო მოხელეების გამოყენებით
ქუთაისში, ენმ-ს აქციაზე მისული ადამიანები საჯარო მოხელეები არიან, რომელთაც ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვუხდით ფულს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო ხელოვნურად მოწყობილი აქცია საჯარო მოხელეების გამოყენებით.
„ყველაზე დიდი უბედურება ამ ე.წ. დაპირისპირების მცდელობაში იკვეთება ის, რომ ესენი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც ბიუჯეტის ფულზე არიან, რომელთაც ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვუხდით ფულს. მათი გამოსვლა ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, იქ ძალდობის მცდელობა და ინსპირირება არის პირდაპირ კანონის დარღვევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ჩვენი გადასახადის, გადამხდელების ფულით საზრდოობენ და შემდეგ ასე იქცევიან.
ხელისუფლება რომ თავის ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე ისევ იმას იძახის, რომ საქართველოდან მიშა უნდა წავიდეს და განდევნოს უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, ნიშნავს იმას, რომ სრულიად არაადეკვატურები არიან, ვერ აღიქვამენ მართლა, რა პრობლემები არის ქვეყანაში და აი ამ საწყალი ხალხის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას აგრძელებენ. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს არის ხელოვნურად მოწყობილი აქცია საჯარო მოხელეების გამოყენებით“,- განაცხადა კაპანაძემ.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ყველა ოპოზიციური ძალის ამოცანა არის ის, რომ არანაირი საზოგადოებრივი, მასშტაბური დაპირისპირება არ მოხდეს.
„სწორედ ამიტომ, ჩვენი ნაბიჯები პარლამენტის წინ, თუ სხვა სახელმწიფო უწყებების წინ, ისევე როგორც სხვადასხვა პიკეტებზე, არის პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი და ექსკლუზიურად მშვიდობიანი, ყველანაირი დაპირისპირების გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ როგორ აკავებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს ახალგაზრდებს და უკვე 20-მდე ადამიანი არის დაკავებული, მაშინ როდესაც ძალადობრივი აქციების შედეგად არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული. ჩვენ ვნახეთ, როგორ ისროდნენ ისინი კვერცხებს, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ადამიანებს. არც ერთი ადამიანი ხულიგნობის მუხლითაც კი არ არის დაკავებული მაშინ, როდესაც გიგა მაქარაშვილი და საპროტესტო აქციების სახვა წარმომადგენლები ორი კვირით გაუშვეს ციხეში უბრალოდ გინებისთვის საჯარო თავშეყრის ადგილზე“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.აქციის მონაწილეებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს შეძახილებით – „მიშას მონებო“.