სერგი კაპანაძე - ხუთივე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ შევა პარლამენტში, სხვა პოლიტიკური ძალები რას გადაწყვეტენ, მათი საკითხია
სერგი კაპანაძე - ხუთივე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ შევა პარლამენტში, სხვა პოლიტიკური ძალები რას გადაწყვეტენ, მათი საკითხია

ხუთივე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ შევა პარლამენტში, სხვა პოლიტიკური ძალები რას გადაწყვეტენ, მათი საკითხია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„ამ წუთში არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს. გვაქვს პარტნიორებთან რეგულარული კომუნიკაცია, მაგრამ გაგრძელდება თუ არა რაუნდი და როდის იქნება, ჯერ ინდიკაცია არ გვაქვს. ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელიდან იქნება გზავნილი ძალიან მალე. ეს იქნება შემდეგ კვირაში, უფრო ადრე, თუ უფრო გვიან, ეს არ ვიცი.

ჩვენი ამოცანა არის, რომ თავიდან რაც იქნა შეთანხმებული პრეზიდენტ მიშელთან, მასში იყო რიგგარეშე არჩევნების საკითხიც, პოლიტიკური დევნის დასრულების საკითხიც და დანარჩენი თემებიც, ყველა ამ საკითხზე უნდა შედგეს შეთანხმება. რომელიმეს გამოკლება ამ შეთანხმებას გახდის შეუძლებელს. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის, რომ ხუთივე პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს პოზიცია გვაქვს დიდი ხანია და არც ვაპირებთ ამის შეცვლას. ბუნებრივია, ყველა პოლიტიკური ძალა თავისით იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე, ასევე „ევროპული საქართველო“. ხუთივეს დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ გადადგამს ნაბიჯებს და შევა პარლამენტში, სხვა პოლიტიკური ძალები რას გადაწყვეტენ, მათი საკითხია“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ხუთპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტზე აპირებენ პარტიაში საუბარს და ხუთივე პუნქტზე თუ იქნება მათ პარტიაში შეთანხმება, ამ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების შესაძლებლობას განიხილავენ.