ქუთაისში, სამხარეო პოლიციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ბათუმში დაკავებული სპორტსმენების მხარდამჭერი აქცია იმართება
ქუთაისში, სამხარეო პოლიციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ბათუმში დაკავებული სპორტსმენების მხარდამჭერი აქცია იმართება

ბათუმში დაკავებული პირების ახლობლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობასთან. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.

აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი შსს დაკავებულების უპირობოდ გამოშვებას თხოვენ. აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ სამხარეო პოლიციის უფროსი მივიდა, რომელმაც გზის გათავისუფლება სთხოვა.

„არავითარ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ამ ბიჭებს გუმათში მოუწყვეს პროვოკაცია და დააკავეს. ისინი ციხეში მარტო იმიტომ სხედან, რომ ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბონდო თევდორაძემ.

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სპორტსმენები, სულ ექვსი პირი დააკავეს. დაკავებული არიან ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები და მათი ბიძაშვილები, ირაკლი და გელა ჭელიძეები.

შსს-ს ინფორმაციით, ექვსი პირი პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.