სერგი კაპანაძე ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს
სერგი კაპანაძე ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას კომისიის მიერ დამტკიცებული 32 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს.

კომისიის თავმჯდომარე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც კომისიის სხდომაზე გუშინ დამტკიცდა. კაპანაძის განცხადებით, ეს დასკვნა უკვე ძალაშია და ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, დასკვნის შესრულებით რამდენად უპასუხებს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.

„რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ დაადგინა და გამოკვეთა. ის მანდატი, რომელიც გვქონდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა ამ საქმეზე, შეასრულა. ეს დასკვნა უკვე არის მიღებული კომისიის მხრიდან და უკვე არის ძალაში. შესაბამისად, ეს დასკვნა უკვე არის შესასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება შეასრულებს თუ არა ამ დასკვნას, იმეტყველებს პირდაპირ იმაზე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა პირველ დეკემბერს. დასკვნას მეტი აღარანაირი ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება. ის იქნება წარდგენილი ბიუროსთვის და პარლამენტის სესიისთვის უახლოეს ხანში. ბიუროს გაეგზავნება დღეს და უახლოეს სესიაზე იქნება განხილული. იქნება ასევე პოლიტიკური დისკუსია, მაგრამ დასკვნა არის მიღებული, არის ერთი დასკვნა და არის ძალაში. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის გაცემული ჩვენს დასკვნაში. ჯამში არის 32 რეკომენდაცია. ველოდებით, რომ მათ შეასრულებს და ამგვარად უპასუხებს როგორც საზოგადოებას და იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას გაუჩდა, ისე დაზარალებულების ოჯახებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ასევე, მისი თქმით, კომისიის გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ანგარიში, რამდენად სრულდება კომისიის რეკომენდაციები ამაზე ანგარიში.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარდგენილ დასკვნას ცხრა ხმით გუშინ დაუჭირა მხარი.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ასევე, დასკვნის თანახმად, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართულები. საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნაში ასევე არის მოთხოვნა, დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის მიმართულებით, ასევე მირზა სუბელიანის მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

გუშინდელ სხდომაზე დასკვნა ასევე წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისას არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია გამოძიების საბოლოო შედეგებზე. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანება არ არის სამოხელეო დანაშაულის ან განზრახ ქმედების შედეგი. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დასკვნის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებები დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს როლზე კითხვებს აჩენს, თუმცა დევნის დაწყებაზე მითითება საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება.