შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა - ერთი წუთით რომ ყოფილიყავით შოვში, შეგეხედათ, ვინ როგორ მუშაობდა, საკუთარ თავს ასეთი პათეტიკის უფლებას არ მისცემდით, ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ
შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა - ერთი წუთით რომ ყოფილიყავით შოვში, შეგეხედათ, ვინ როგორ მუშაობდა, საკუთარ თავს ასეთი პათეტიკის უფლებას არ მისცემდით, ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობას ხმაური მოყვა. საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, კენჭისყრამდე, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საჯარო დისკუსიისა და დებატების გამართვა მოითხოვა.

„საგამოძიებო კომისია უნდა იყოს შესაძლებლობა, საქართველოს მოქალაქეებმა დაინახონ, რომ იმ შემთხვევებში, სადაც საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა. ეს არის ჩვენი ვალი. ამიტომ არ მივმართავ მხოლოდ და მხოლოდ ფრაქცია „საქართველოსთვის“, გახარიას წარმომადგენლებს პარლამენტში, არამედ მოგმართავთ თქვენც და მზად ვართ, გავიაროთ, მათ შორის, კონსულტაციები თქვენთან, რათა თქვენს პოლიტიკურ ჯგუფშიც აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც შემდგომ აღნიშნული კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. ჩვენ მოვითხოვთ საკითხის განხილვას, საჯარო დისკუსიას, ღია დისკუსიას, დებატებს, მათ შორის ყველა კითხვის დასმას. ნუ მოვახდენთ კენჭისყრის ფორსირებას, რომელსაც თქვენ პროცედურული ომისთვის გამოიყენებთ“, – მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში 22 სექტემბერს წარდგება და შეუძლიათ, სტიქიასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვან. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გამოიტანს თუ არა განსახილველად შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მომზადებულ დადგენილების პროექტს.

„თქვენი სურვილია, დღეს პროექტის განხილვა იყოს, მაგრამ კენჭისყრა არ ჩატარდეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი და არა – კომისიის შექმნა. ვერ ვხვდები, მაშინ რა უდგას წინ კენჭისყრის ჩატარებას? კარგია, რომ გამოიყენეთ შესაძლებლობა და ინტერპელაციის წესით მიმართეთ შინაგან საქმეთა მინისტრს. რაიმე ღია კითხვები თუ გაქვთ, ჩამოწერეთ და შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნეთ. როგორც იცით, 22 სექტემბერს არის ინტერპელაციის დღე, შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა კითხვას უპასუხებს. ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დალოდებოდით ინტერპელაციას, იქნებ იღებთ ყველა საკითხზე პასუხს და შემდეგ გამოიტანეთ საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. საკითხი დღის წესრიგში შეტანილია და თქვენ გადაწყვიტეთ, გამოიტანთ თუ არა ხვალინდელ სხდომაზე. ქალბატონო თინა, ერთი წუთით მაინც რომ ყოფილიყავით შოვში, ერთი წუთი მაინც რომ შეგეხედათ, რა ხდებოდა, ვინ როგორ მუშაობდა, ასეთი პათეტიკის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდით. ამის ფონზე ეს პათეტიკა არათუ პოლიტიკურად, ადამიანურად არის ძალიან მძიმე. ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ, ეს არის მნიშვნელოვანი“, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, თინა ბოკუჩავამ განმარტა, რა მიზეზით არ იმყოფებოდა სტიქიის ადგილზე. „მე რომ მეუბნებით, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას, ეს არის სირცხვილი. არ ვიტყვი, კიდევ რა მიზეზით არ შემეძლო იმ კონკრეტულ მომენტში იქ ყოფნა. თქვენ ამით იმართლებთ თავს, რომ კომისია არ შექმნათ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „მეც მყავს მცირეწლოვანი შვილი, მერე რა? თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ. რატომ გამართლებთ ეს თქვენ და მე – არა? სირცხვილია საერთოდ. თქვენ ხვალ რაც უნდა ჩაგეტარებინათ, ის უკვე ჩაატარეთ დღეს, ამიტომ ალბათ კმაყოფილი ხართ“.