საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დასკვნები არ ეფუძნება დაკვირვების შედეგს. მეტიც, რიგ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება მას, ანგარიშში მოტანილი შეფასებები არ ეხმიანება ამავე დოკუმენტში მოტანილ ფაქტობრივ მონაცემებს.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, სრულ ნდობას უცხადებს მათ მიუკერძოებლობას, სამართლიან მიდგომას და იმედს იტოვებს, რომ ექნებათ შესაბამისი რეაქცია.

თავის მხრივ, საქართველოს პირველი არხი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს, რომელიც მომზადებულია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. დოკუმენტის თავფურცელში აღნიშნულია, რომ ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პოზიციად მისი შინაარსის აღქმა დაუშვებელია. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაციებს უცხადებს სრულ ნდობას და პატივს სცემს მათ მიერ წარმართულ საქმიანობას საქართველოში. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს ცალსახა პოზიციას და არა ანგარიშს, იმ მხარის, რომელმაც უშუალოდ მონიტორინგი ჩაატარა და წარმოდგენილი დასკვნები არ ეფუძნება დაკვირვების შედეგს. მეტიც, რიგ შემთხვევებში, წინააღმდეგობაში მოდის მასთან. ანგარიშში მოტანილი შეფასებები არ ეხმიანება ამავე დოკუმენტში მოტანილ ფაქტობრივ მონაცემებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის ანგარიშის რაოდენობრივ ნაწილში წარმოდგენილი დიაგრამის თანახმად, პირველი არხის მიერ სუბიექტების გაშუქების ტონი დიდწილად ნეიტრალური იყო.

რაოდენობრივ მონაცემს, რომელიც მოიცავს გაშუქების ტონს, რომლითაც ესა თუ ის თემა გაშუქდა, მოსდევს შემდეგი ჩანაწერი შინაარსობრივ ნაწილში: „მონიტორინგის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო“.

შესაბამისად, ანგარიშიდან ვიგებთ, რომ პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ ერთდროულად იყო ნეიტრალურიც და ლოიალურიც, რაც მინიმუმ ერთმანეთის საწინააღმდეგო მტკიცებას წარმოადგენს, რეალურად კი წარმოაჩენს სწორედ იმ პოზიციას, რომელსაც ატარებს დოკუმენტი და ცდილობს მონიტორინგის შედეგი ამ სახით წარმოგვიდგინოს – ნეიტრალური დამოკიდებულება განმარტოს, როგორც ლოიალური. დაუშვებელია, რომ კვლევა, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტს, შეფასებას აკეთებდეს მხოლოდ ერთი კომპონენტის გამოყენებით და უგულებელყოფდეს მეორე კომპონენტის მონაცემს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში კი სწორედ აღნიშნული ტენდენცია ჩანს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ზოგ შემთხვევაში „მოამბე“ ავლენდა „ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებას და არღვევდა ეთიკის ნორმებს. იმავე დოკუმენტში „ქართული ოცნების“ გაშუქების ამსახველ დიაგრამაში კი ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ობიექტის გაშუქების დროს პირველი არხი 86%-ით ნეიტრალური, 10%-ით ნეგატიური, ხოლო  4% პოზიტიური იყო. ასევე საყურადღებოა იმავე აბზაცში გაჟღერებული ბრალდება  ეთიკის ნორმების დარღვევის შესახებ, რადგან მითითებულ მასალაზე ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ოფიციალურად არ გამოვლენილა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პირველი არხი განსაკუთრებით პოზიტიურად აშუქებდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. თუმცა ანგარიშის თანახმად, გიორგი გახარიას გაშუქების ტონი მხოლოდ 12% -ით იყო პოზიტიური, ხოლო 83% -ით ნეიტრალური.

ასევე საყურადღებოა ანგარიშის ნაწილი, სათაურით – გენდერული სტერეოტიპები პირველ არხზე, სადაც საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც აღწერილია „ქართული ოცნების“ მიერ ქალაქ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძის წარდგენა. ანგარიშში  მოყვანილია ფრაზა, რომლითაც სრულდება კანდიდატის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება: „და ბოლოს ის არის 4 შვილის დედა“, რომლითაც ავტორი ასრულებს კანდიდატის დახასიათებას. კანდიდატის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ფრაზა ანგარიშში შეფასებულია, როგორც გენდერული სტერეოტიპების გამამყარებელი და სექსისტური. როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, მოცემული ფრაზა ხაზს უსვამს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქალი კანდიდატების გაშუქების შემთხვევაში, მათი ოჯახური მდგომარეობის შესახებ საუბარი ისევეა მათი პიროვნების აღწერა, როგორც კაცი კანდიდატების შემთხვევაში, შესაბამისად, იმის არააქცენტირებული აღნიშვნა, რომ ქალ კანდიდატს შვილები ჰყავს, ერთმნიშვნელოვნად ვერ ჩაითვლება გენდერული სტერეოტიპების გამყარების ხელშეწყობად და სექსიზმად. მეტიც, უდავოდ დისკრიმინაციულ მიდგომად შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებისთვის ქალი კანდიდატების გაცნობისას კარიერის მიღმა მათი სოციალური როლების იგნორირება, როდესაც ეს კაცი კანდიდატების შემთხვევაში თავისუფლად ხდება.  საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად ახორციელებს მნიშვნელოვან მუშაობას სწორედ გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ და ზედმიწევნით იცავს ყველა ნორმას, შესაბამისად, მხოლოდ მაღალი სტანდარტით მომზადებულ მასალას სთავაზობს აუდიტორიას.

მონიტორინგის ფარგლებში გაიზომა, როგორც პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე 21 საათზე“ და გადაცემა „ახალი კვირა“, ასევე პირველი არხის ფეისბუქის გვერდი.

სოციალური მედიის კვლევის შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სატელევიზიო არხების Facebook გვერდებზე დაკვირვების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად განსხვავდება ტელევიზიების საეთერო მაუწყებლობა მათ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციისგან“. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ საკუთარ დოკუმენტში დეკლარირებული  მონიტორინგის მეთოდოლოგია და მიზანი ურთიერთგამომრიცხავია, ახდენს შერჩეული პლატფორმების სპეციფიკის აბსოლუტურ უგულებელყოფას და ერთმანეთს ადარებს არათანაზომიერ პროდუქტებს.

მკვლევარ ორგანიზაციას განვუმარტავთ, რომ მაუწყებელი სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელების საკუთარი სტრატეგიით ხელმძღვანელობს, ყველა გადაცემას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ჩათვლით, საკუთარი გვერდი აქვს. ხაზს ვუსვამთ, რომ კვლევის ფარგლებში შერჩეული ფეისბუქის გვერდი არ წარმოადგენს სატელევიზიო ეთერის ფეისბუქის გვერდს და მისი შერჩევა იმის დასადგენად, „რამდენად განსხვავდება ტელევიზიის საეთერო მაუწყებლობა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციისაგან“, არარელევანტურია. მონიტორინგის ფარგლებში თავიდანვე დამუშავდა პრინციპულად განსხვავებული მონაცემები,  შესაბამისად, დოკუმენტში გამოქვეყნებული დასკვნა, „რომ ქართული ტელემედიის Facebook გვერდები კიდევ უფრო მეტად პოლარიზებულია, ვიდრე მათი საეთერო მაუწყებლობა“ რეალობას არ შეესაბამება.

გარდა ამისა, კვლევისთვის შერჩეულ გვერდზე განთავსებულია არა მხოლოდ ვიდეო, არამედ ტექსტუალური მედიაპროდუქტი. მკვლევარ ორგანიზაციას არაფერი აქვს ნათქვამი, რა  მეთოდოლოგიას იყენებდა აღნიშნული განსხვავებული მასალის მონიტორინგისას.  მივმართავთ ეთიკის ქარტიას, გამოაქვეყნოს წარმოებული კვლევის დეტალური მეთოდოლოგია, თუ როგორ გაიზომა განსხვავებული სპეციფიკის მასალაში პირდაპირი და ირიბი გაშუქება და გაშუქების ტონი.

ასევე, სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების გაშუქების ბალანსზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქარტიის შუალედური ანგარიშის საკვლევ პერიოდში (15 ივნისი – 31 აგვისტო) საარჩევნო სუბიექტების უმრავლესობა არ იყო აქტიური. ქარტიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტშიც კი აღნიშნულია, რომ  „მონიტორინგის პერიოდში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიაპროდუქტებში თემატურად ჭარბობდა ისეთი მასალები, რომლებიც შეეხებოდა COVID 19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეულ შეზღუდვებსა და სამთავრობო ფინანსურ დახმარებებს“.

ბუნებრივია, საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებდა საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის შემცველ თემებს და ამ თემებთან დაკავშირებულ სუბიექტებს საკუთარი აქტივობის შესაბამისად. ქარტიის კვლევის მიხედვით, მაუწყებელი წარმოჩენილია, როგორც ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედია, რაც  მაუწყებლის პრინციპების დისკრედიტაციას ახდენს და წარმოადგენს მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მაუწყებელი თავად აწარმოებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს საკუთარ პლატფორმებზე, რათა უზრუნველყოს დაბალანსებული წინასაარჩევნო ეთერი, ხელი შეუწყოს  საზოგადოების ინფორმირებულ არჩევანს და ამავდროულად დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პირველი არხის მიერ გაშუქებული  ინფორმაციის შესახებ.

მივმართავთ ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას, ყურადღება გაამახვილოს და მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია მომზადებული ანგარიშების მეთოდოლოგიისა (განსაკუთრებით, სოციალური ქსელების მონიტორინგისას) და სტანდარტების შესახებ.  ასევე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის ავტორი ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს დეკლარირებული აქვს მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განხორციელებული მონიტორინგის ობიექტურობის დასაბუთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი მკვლევარსა და კვლევის ობიექტს შორის, რაც, ვფიქრობთ, ცალსახად არის ასახული ანგარიშში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულ ნდობას უცხადებს საერთაშორისო  ორგანიზაციების მიუკერძოებლობასა და სამართლიან მიდგომას და იმედს იტოვებს, რომ მათ ექნებათ შესაბამისი რეაქცია, თავის მხრივ, საქართველოს პირველი არხი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის.

დატოვე კომენტარი