სატურნის მთვარე მიმასის ყინულების ქვეშ სავარაუდო გლობალური ოკეანე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
სატურნის მთვარე მიმასის ყინულების ქვეშ სავარაუდო გლობალური ოკეანე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

სატურნის ყველაზე პატარა ძირითადი თანამგზავრის ორბიტის ახალი გაზომვები მიუთითებს, რომ მისი ყინულოვანი ქერქის ქვეშ დიდი საიდუმლო იმალება.

მეცნიერები დიდი ხანი ეჭვობენ, რომ კრატერაბიანი ზედაპირის მქონე მთვარის, მიმასის 20-30 კმ სისქის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ, თხევადი წყლის ოკეანე იმალება.

პარიზის უნივერსიტეტის ასტრონომის, ვალერი ლენეის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ პატარა მთვარის წიაღში მართლაც არსებობს თხევადი ოკეანე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმასი შეიძლება შეუერთდეს მზის სისტემის იმ მთვარეთა სიას, რომლებზეც თხევადი ოკეანეები იმალება. ამ სიაში უკვე არიან სატურნის მთვარე ენცელადი, იუპიტერის მთვარეები — ევროპა, კალისტო და განიმედე და ურანის რამდენიმე მთვარე. თუმცა, მიმასი საკმაოდ უცნაური სხეულია და მისი ოკეანე სრულებით არ უნდა ჰგავდეს მზის სისტემის მასშტაბით არსებულ არცერთ სხვა ოკეანეს.

რაც უფრო უკეთესად ვსწავლობთ კოსმოსს, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ მზის სისტემა არც ისე „მშრალია“. როგორც ჩანს, ყინულოვანი ექსტერიერის წიაღში, მრავალი მთვარე მალავს ოკეანეს.

თუმცა, მიმასი დიდი ხნის განმავლობაში არ მიიჩნეოდა ასეთ სხეულად. საიდუმლო ოკეანეთა კრიტერიუმად მიიჩნევა დაბზარული ზედაპირი, როგორიც თუნდაც ენცელადს და ევროპას აქვთ. მიმასის ზედაპირზე ასეთი ნაპრალები არ არის და ამის ნაცვლად, იქ მრავალი კრატერია; შესაბამისად, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ის უნდა შედგებოდეს მყარი ყინულისგან, რომელიც კლდოვან ბირთვს აკრავს გარშემო.

მიუხედავად ამისა, ის, თუ როგორ ირხევა მიმასი სატურნის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას, მიუთითებს, რომ მის წიაღში რაღაც ისეთი ხდება, რასაც მარტივად ვერ ვხედავთ.

წარსულში ჩატარებული მოდელირება ორ სხვადასხვა ახსნაზე მიუთითებდა: წაგრძელებულ კლდოვან ბირთვზე ან გლობალურ ოკეანეზე. თუმცა, ლენეისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ კლდოვანი ბირთვით ახსნა საკმაოდ დამაჯერებლად გამორიცხა.

ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ხომალდ „კასინის“ მიერ შეგროვებული მონაცემები. ეს აპარატი სატურნის გარშემო 2004-2017 წლებში მოძრაობდა და უპრეცედენტო დონის დეტალებში აგროვებდა მონაცემებს პლანეტისა და მისი მთვარეების შესახებ. მკვლევრებმა სატურნის გარშემო მიმასის მოძრაობისას მისი რხევების სიმულაცია ჩაატარეს და დახრილი ბირთვის ან ოკეანის რეპროდუქცია მოახდინეს.

მონაცემების კლდოვანი სცენარით რეპროდუქციისთვის, საჭირო იყო, მიმასს ჰქონოდა ისე სატურნის მხარეს ძლიერ წაგრძელებული ბირთვი. ეს კი საერთოდ არ შეესაბამება დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებს, არც მზის სისტემის სხეულების ფორმაციის შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ მოდელებს.

შედეგად, რჩება მხოლოდ დამალული გლობალური ოკეანის ახსნა. გამომდინარე იქიდან, რომ მზის სისტემაში ასეთი ოკეანეები სხვა სხეულებზე არსებობს, ეს ახსნა გაცილებით შესაძლებელი ჩანს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ოკეანე ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს.

მიმასის მოძრაობა და ოკეანის ნიშნების ზედაპირზე არარსებობა მიუთითებს, რომ ეს ოკეანე 25 მილიონ წელიწადზე ნაკლები ხნის უნდა იყოს, მის სიღრმეს კი სულ რაღაც 2-3 მილიონი წლის წინ უნდა მიეღწია დაახლოებით 30 კილომეტრისთვის.

საინტერესოა, რატომ გაჩნდა ეს ოკეანე ასე გვიან, როცა მზის სისტემა 4,5 მილიარდი წლისაა? საქმე იმაშია, რომ მისი წარმოქმნა მოითხოვს წიაღის გათბობას, რასაც სხვა მთვარეების შემთხვევაში განაპირობებს გამუდმებული გრავიტაციული ურთიერთქმედება სხვა სხეულებთან. მზის სისტემის ისტორიის უმეტეს ნაწილში, მიმასი სატურნის გარშემო თითქმის მთლიანად წრიულ ორბიტაზე მოძრაობდა და შესაბამისად, მათი გრავიტაციული ურთიერთქმედება საკმაოდ თანმიმდევრული იყო.

თუმცა, დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ, სატურნის ერთ ან მეტ სხვა მთვარესთან, მაგალითად, დიონასთან და ტიტანთან ურთიერთქმედებამ, მიმასი უფრო ოვალური ფორმის ორბიტაზე გადაიყვანა. ამას კი უნდა შეეცვალა სატურნსა და მიმასს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედების სიძლიერე, დიდი დაწოლა გაჩენილიყო ბირთვზე, რომელიც ამის შედეგად შიდა სითბოს გამოიმუშავებს.

ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ყინულოვან სხეულთა შიგთავსი მხოლოდ ზედაპირის საფუძველზე არ უნდა შევაფასოთ.

და კიდევ, ვინაიდან მიმასის ოკეანე ასე ახალგაზრდაა, შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ, თუ როგორ წარმოიქმნება, იზრდება და ვითარდება გლობალური ოკეანეები.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.