სატურნის გარშემო 62 აქამდე უცნობი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
რამდენიმეთვიანი ლიდერობის შემდეგ, „ყველაზე მეტი მთვარის მქონეს“ სტატუსი იუპიტერმა კვლავ სატურნს დაუთმო.
აქამდე უცნობი 62 ბუნებრივი თანამგზავრის აღმოჩენის შემდეგ, რგოლებიანი პლანეტა კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა და ჯამში, ჩვენთვის ახლა უკვე ცნობილია მის გარშემო მოძრავი 145 ბუნებრივი თანამგზავრი. რაც შეეხება იუპიტერს, მისი მთვარეების რაოდენობა ამ დროისათვის 92-ს აღწევს და რამდენიმე თამამი „სვლის“ გაკეთება მოუწევს, თუ გვირგვინის კვლავ დაბრუნება სურს.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აღმოჩენა წარმოაჩენს, თუ რამდენად ეფექტიანია ახალი ტექნოლოგიები გიგანტურ პლანეტათა მცირე მთვარეების აღმოჩენაში.
მთვარეებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოების ანალიზის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ტაივანის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტრონომი ედუარდ ეშტონი ხელმძღვანელობდა, სატურნის გარშემო სულ რაღაც 2,5 კმ დიამეტრის მქონე მთვარეების შემჩნევაც კი შეძლო.
ეს ახლად აღმოჩენილი მინიმთვარეები ასტრონომებს სატურნის ისტორიის უკეთ შესწავლაში ეხმარება.
იუპიტერისა და სატურნის გარშემო მოძრავი პატარა თანამგზავრების შემჩნევა საკმაოდ რთულია. ეს ორი პლანეტა მზის სისტემაში უდიდესია და ცაში ძლიერ კაშკაშებენ, განსაკუთრებით დედამიწიდან ჩვენი გადმოსახედიდან, საიდანაც ისინი მუდმივად მზის სინათლით არიან განათებული.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი გარშემო ყველაფრის გადანათებას ახდენენ, რაც მათ გარშემო არსებულ პატარა, მკრთალ ობიექტთა დაფიქსირებას ართულებს.
საინტერესოა, რომ მთვარის, ანუ ბუნებრივი თანამგზავრის განსაზღვრების კრიტერიუმები საკმაოდ ფართოა. არ არსებობს რაიმე მოთხოვნა ფორმაზე, მასაზე ან დიამეტრზე; საჭიროა, რომ ობიექტს ჰქონდეს სტაბილური ორბიტა სხვა უფრო დიდი, არავარსკვლავი ობიექტის გარშემო. შესაბამისად, პლანეტებს, ჯუჯა პლანეტებსა და ასტეროიდებსაც კი შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მთვარეები.
თუმცა, საკმარისი არ არის, რომ პლანეტის სიახლოვეს ობიექტი შენიშნო და ის ახალ მთვარედ გამოაცხადო. საჭიროა, ობიექტს უთვალთვალო, იდეალურ შემთხვევაში რამდენიმე ორბიტის განმავლობაში, რათა მოხდეს ორბიტის შესწავლა და განსაზღვრა, არის თუ არა ის სტაბილური. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ანალიზების შედეგად შეიძლება მკრთალი ობიექტი იპოვო, მთვარის სტატუსის დასადასტურებლად საჭიროა მრავალი ასეთი დაკვირვება.
სატურნის ახლად აღმოჩენილი მთვარეები მიეკუთვნება სატურნის მთვარეთა სამ ჯგუფს, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც „არარეგულარული“ — შეჯგუფებულია გროვებად, რომლებსაც ინუიტებს, გალიელებსა და სკანდინავიელებს უწოდებენ და პლანეტას გარს უვლიან უფრო დიდ, ელიფსურ ორბიტებზე და დახრილი კუთხით, ვიდრე სხვა, „რეგულარული“ მთვარეები.
ახალ მთვარეთა უმეტესობა სკანდინავიელთა ჯგუფს ეკუთვნის; სამ ჯგუფს შორის ისინი ყველაზე მრავალრიცხოვანია და აქვთ ყველაზე დიდი ორბიტული დაშორება. ამას გარდა, სატურნის გარშემო მოძრაობენ მისი ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ასტრონომთა აზრით, ეს ჯგუფები მთვარეებს შორის მომხდარი შეჯახებების მტკიცებულებაა; ასეთი შეჯახებები სატურნის უახლესი ისტორიის გარკვეულ მომენტში უნდა მომხდარიყო და წარმოექმნა პატარა მთვარეთა ჯგუფები.
ანალიზების მიხედვით, სკანდინავიელთა ჯგუფი საშუალო ზომის არარეგულარული მთვარის განადგურების შედეგად უნდა წარმოქმნილიყო. მკვლევართა განცხადებით, ახლად აღმოჩენილი მთვარეები ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
„თანამედროვე ტელესკოპების გაუმჯობესებასთან ერთად, სულ უფრო მეტ მტკიცებულებას ვპოულობთ იმისა, რომ დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ, სატურნის გარშემო უკუმიმართულებით მოძრავი ერთი საშუალო ზომის მთვარე დაიშალა“, — ამბობს კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომი ბრეტ გლედმენი.
მომზადებულია phas.ubc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.