გამოვლენილია პირველი ასტეროიდი, რომელსაც სამი ბუნებრივი თანამგზავრი აქვს — #1tvმეცნიერება
მე-19 საუკუნეში აღმოჩენილი ასტეროიდი ყველაზე „გადაჭედილი“ აღმოჩნდა ამ დროისათვის ცნობილ ასტეროიდთა შორის.
მისი სახელია 130 ელექტრა ან უბრალოდ ელექტრა და როგორც ასტრონომებმა ახლა გაარკვიეს, მას არა ერთი ან ორი, არამედ სამი თანამგზავრი კომპანიონი, იგივე მთვარე ჰყავს. შედეგად, ის არა მხოლოდ ამ დროისათვის ცნობილი ყველაზე მრავალრიცხოვანი ასტეროიდული სისტემაა, არამედ წარმოაჩენს, როგორ შეიძლება მომავალში ვიპოვოთ ასტეროიდთან მკრთალი, ძნელად შესამჩნევი მთვარეები.
„ელექტრა ჩვენთვის ცნობილი პირველი ოთხმაგი სისტემაა. ეს ახალი აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ალგორითმული მოდელების დამუშავებას დიდი მომავალი აქვს“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ტაილანდის ეროვნული ასტრონომიული კვლევითი ინსტიტუტის ასტრონომი ენტონი ბერდუ ხელმძღვანელობდა.
ასტეროიდთათვის პატარა კომპანიონების ყოლა უცხო არ არის, მაგრამ მათ უიშვიათესად ვხედავთ. ამ დროისათვის აღმოჩენილი 1 100 000 ასტეროიდიდან, მხოლოდ დაახლოებით 150-ს აქვს სულ მცირე ერთი მთვარე.
ელექტრას სიგრძე 160 კილომეტრია და პირველად 1873 წელს აღმოაჩინეს ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის. 130 წლის შემდეგ, 2003 წელს აღმოაჩინეს მისი პირველი მთვარე, S/2003 (130) 1; მეორე მთვარე, სახელად S/2014 (130) 1, 2014 წელს დააფიქსირეს.
მის თანამგზავრთა აღმოჩენას ამდენი დრო გონივრულ მიზეზთა გამო დასჭირდა. ასტეროიდები პატარა სხეულებია და მხოლოდ მკრთალად ანათებენ. ნებისმიერი რა, რაც შეიძლება ასტეროიდის გარშემო მოძრაობდეს, კიდევ უფრო მკრთალია და როგორც წესი, მისი მშობელი ასტეროიდი ჩრდილავს.
რაც უფრო პატარაა და ახლოსაა მთვარე ასტეროიდთან, მით უფრო ძნელია მისი დანახვა. დაახლოებით ამავე მიზეზის გამო ჭირს სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტების პირდაპირ დანახვა.
თანამგზავრი S/2003 (130) 1 სიგანეში მხოლოდ 6 კილომეტრია და ელექტრას გარშემო დაახლოებით 1300 კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს; S/2014 (130) 1-ის სიგანე სულ რაღაც 2 კილომეტრია და ასტეროიდს გარს უვლის 500 კილომეტრის მანძილიდან.
ახლად აღმოჩენილი მთვარე, სახელად S/2014 (130) 2, კიდევ უფრო პატარაა და ასტეროიდთან უფრო ახლოს: 1,6 კმ სიგანის და მოძრაობს 340 კმ მანძილიდან. ამას გარდა, ის ელექტრაზე 15 000-ჯერ მკრთალია.
მის საპოვნელად, ბერდუმ და მისმა კოლეგებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტ SPHERE-ის საარქივო მონაცემები აიღო და ახლად შექმნილ მონაცემთა შემცირების სისტემაში შეიტანა, რათა ნედლი მონაცემებისთვის მაღალი ეფექტიანობით მოეცილებინა ხმაური.
ასტეროიდის გარშემო ნათების, ანუ ჰალოს მოდელირებისთვის მათ მონაცემთა დამუშავების ალგორითმი გამოიყენეს; შემდეგ ეს ჰალო მოხსნეს.
მონაცემთა ასე დამუშავების პროცესში გამოიკვეთა ელექტრას მესამე, ციცქნა მთვარე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა S/2014 (103) 2-ის შესახებ გარკვეული საბაზისო ცნობები მიიღო, ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება უცნობი ელექტრას გარშემო მისი მოძრაობის შესახებ. გარდა ამისა, ბევრი რამ არ ვიცით თავად ამ სისტემის წარმოშობის შესახებაც.
შარშან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასტეროიდ კლეოპატრას ორი მთვარე სავარაუდოდ წარმოიქმნა ძირითადი სხეულიდან მტვრის გამოტყორცნის შედეგად, მაგრამ არ ვიცით, რამდენად გავრცელებული უნდა იყოს ეს სცენარი ფორმაციის სხვა მექანიზმებთან შედარებით.
ასევე შეიძლება იყოს დარტყმის შედეგად კლდოვანი ნამტვრევების გამოტყორცნის შემთხვევები ანდაც სიახლოვეს ჩამავალი პატარა სხეულების დაჭერა ასტეროიდის გრავიტაციული ველის მიერ.
„პირველი ოთხმაგი ასტეროიდული სისტემის აღმოჩენა ახალ გზას გვიხსნის ასეთი თანამგზავრების წარმოშობის მექანიზმის დასადგენად“, — წერენ მკვლევრები.
ამას გარდა, მათი მეთოდის გამოყენება მომავალში სხვა ასტეროიდებზეც არის შესაძლებელი, რათა კიდევ ბევრი ასეთი მოუხელთებელი მთვარე ვიპოვოთ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.