სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებს ნარკოტესტებით შეამოწმებენ
სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებს ნარკოტესტებით შეამოწმებენ

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტებს ნარკოტესტებით შეამოწმებენ.

ამ საკითხზე პირველი არხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ნარკოტესტით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, მოიხმარა თუ არა მძღოლმა მარიხუანა, პირობითად, 8-10 საათის განმავლობაში. როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, სანქციები არ გავრცელდება, თუ პირმა მარიხუანა 30 დღის წინ მოიხმარა და შემდეგ დაჯდა ავტომობილის სამართავად.

„ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, თრობის დადასტურება მნიშვნელოვანია, რადგან გვჭირდება, განვსაზღვროთ, რომელი ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა ადამიანმა. ახალი კანონმდებლობის პირობებში, განსხვავებული რეგულაციები გვაქვს, მარიხუანაზე და განსხვავებული – სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე.

რაც შეეხება საკითხს, როგორ ვამოწმებთ, აქ, ბუნებრივია, არ იგულისხმება მძღოლის გაჩერება და გადაყვანა საექსპერტო დაწესებულებაში, არამედ იგულისხმება ისეთი თანამედროვე საშუალებებით შემოწმება, როგორსაც ვიყენებთ, მაგალითად, ალკოჰოლური თრობის შემოწმების მიზნით, საუბარია ნარკოტესტებზე.

ამ ეტაპზე, შსს ახორციელებს საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიასთან, ვგულისხმობ ტესტების შეძენას. როდესაც კანონი ძალაში შევა, აღსრულების შესაბამისი მექანიზმები გვექნება.

ნარკოტესტით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, პირობითად 8-10 საათის განმავლობაში ჰქონდა თუ არა ადგილი მოხმარების ფაქტს, საუბარი არ არის 30 დღის წინ მოხმარებაზე და შემდეგ ავტომობილის მართვაზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.

მისი თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი შემოწმდება ტესტებით და ასევე შესაძლებელი იქნება საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანის მეთოდის გამოყენება.

„რაც შეეხება სამსახურში არსებულ აკრძალვებს, ზოგადად, მოხმარების ფაქტზე თუ წაგასწრეს, ეს იკრძალება და ამაზე მოხდება რეაგირება. ზემოქმედების ქვეშ თუ იმყოფები, აქ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ როგორც ტესტები, ასევე გადამოწმების ის მექანიზმები და საშუალებები, რომლებიც დღეს არსებობს, მაგალითად, საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანა და ლაბორატორიული და კლინიკური ზემოქმედების ფაქტის დადგენა, რასაც დღეს ვიყენებთ.

თუმცა ეს პროცედურებიც დასახვეწია, ამასთან დაკავშირებით გარკევული კითხვის ნიშნები აქვთ მაგალითად სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და აი ამ პროცედურების დახვეწაზეც ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს გახდეს უფრო ჰუმანური და იყოს შესაბამისი დადგენილ სტანდარტებთან, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აქამდე, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ ყოფილა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით კი ნარკოტიკული საშუალების თრობისას ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.