კანაფის მოხმარება გულის დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ალბათ დროა, სერიოზულად გადავხედოთ დამოკიდებულება კანაფის მოხმარების მიმართ.
ახალი კვლევის თანახმად, ამ ნარკოტიკის მომხმარებლებს ორჯერ მაღალი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის რისკი; ასევე მაღალია სხვა გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გვერდითი მოვლენების (MACE) საფრთხე.
კანაფი მსოფლიოს სულ უფრო და უფრო მრავალ ადგილას ხდება ლეგალიზებული, იზრდება მისი სამედიცინო და რეკრეაციული გამოყენება, თუმცა, ამას შეიძლება უფრო ახლო მონიტორინგი სჭირდებოდეს ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. ახალი კვლევის ავტორებს, ტულუზის უნივერსიტეტის ჯგუფს სურდა უფრო დეტალურად შეესწავლა ჯანმრთელობის ის პოტენციური რისკები, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ცნობილი.
ამისათვის მიმოიხილეს 2016-2023 წლებში გამოქვეყნებული 24 კვლევა, რომლებიც ჯამში 200 მილიონ ადამიანს ეხებოდა. საბოლოო ჯამში, კანაფის მოხმარების გამო 29 პროცენტით იყო გაზრდილი მწვავე კორონალური სინდრომი (გულში სისხლის მიმოქცევის შემცირება), 20 პროცენტით ინსულტი და 100 პროცენტით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა.
„შედეგები ცხადყოფს დადებით კავშირებს კანაფის მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა ძირითად გვერდით მოვლენებს (MACE) შორის. ასეთმა შედეგებმა უნდა წაახალისოს კანაფის მოხმარების კვლევა ყველა იმ პაციენტში, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დარღვევები აქვთ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კვლევას თან ახლდა გარკვეული შეზღუდვები. მიმოხილული კვლევები განსხვავდებოდა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ განსაზღვრავდნენ ისინი კანაფის მოხმარებას, ეფუძნებოდა თვითმოხსენებას და არ ზომავდა ნარკოტიკის გამოყენებას დროთა განმავლობაში. ამის გამო, ეს კვლევები სტატისტიკურად ნაკლებად ძლიერია.
მკვლევრები ასევე მიუთითებენ მიკერძოების მაღალ რისკზე, რასაც შესწავლილ კვლევათა უმეტესობა შეიცავდა და ამის მიზეზი ამ კვლევათა სტრუქტურირება იყო.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევას არ უჩვენებია პირდაპირი მიზეზი და ეფექტი, აჩვენა მხოლოდ ასოციაცია. შესაძლებელია, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში როგორც კანაფის მოხმარებას, ისე გულის ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს სხვა ფაქტორები, რომლებიც ამ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, კვლევის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა დიდი რაოდენობა კანაფის რეალურ მოხმარებასთან დაკავშირებით, ამ მოსაზრებას იზიარებს. ამას გარდა, ამ კვლევაში შესულია უფრო ბევრი ახალი მონაცემი, ვიდრე სხვა კვლევებში და ამავე დროს, ცნობილია ისიც, რომ დროთა განმავლობაში იცვლება კანაფის მოხმარება და შემადგენლობა.
ეს კი უკვე საკმარისია, რათა საჭირო გახდეს ჯანმრთელობის შესაძლო რისკების უფრო სიღრმისეული შესწავლა.
„ამ ნარკოტიკის ლეგალიზებამ და სამედიცინოდ გამოყენებამ მთელ მსოფლიოში, სავარაუდოდ წვლილი შეიტანა კანაფის ზოგადი აღქმის სიღრმისეულ ცვლილებაში და მისი მოხმარების საერთო ზრდაში. შედეგად, მომხმარებელთა პროფილები და მოხმარების ჩვევები ახლა სიღრმისეულად სხვაა, ვიდრე 2010-იან წლებში იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შეიმჩნევა კანაფის ძლიერი პროდუქტების მოხმარების ტენდენცია, იმატებს დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაციაც.
დამატებითი კვლევები ნამდვილად საჭიროა, არა მხოლოდ იმის განსასაზღვრად, განაპირობებს თუ არა ჯანმრთელობის ამ რისკებს კანაფში შემავალი ასეულობით ქიმიური ნაერთი, არამედ იმისთვისაც, აქვს თუ არა გავლენა კანაფის სხვადასხვა ფორმით მიღებას, მაგალითად, შესასუნთქის ან საკვების სახით.
წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ როგორ ზრდის ეს ნარკოტიკი კიბოს რისკს, მნიშვნელოვნად ცვლის დნმ-ს. იმ გავლენით, რაც მას თავის ტვინზე აქვს, კანაფი ასევე შეიძლება იწვევდეს ფსიქოზს.
ახალ კვლევას თან ახლავს სარედაქციო წერილი, რომლის ავტორები არიან სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგები — სანტონ გლანცი და ლინ სილვერი. მათი მტკიცებით, კანაფის მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რისკების შესახებ ხალხის განათლების მხრივ, როგორც ეს სიგარეტის შემთხვევაში მოხდა.
„კერძოდ, კანაფს თამბაქოსავით უნდა მოვეპყროთ — არ უნდა მოხდეს კრიმინალიზება, მაგრამ დავიწყოთ საწინააღმდეგო კამპანია, როგორც ეს სიგარეტის შემთხვევაშია“, — წერენ ისინი.
კვლევა ჟურნალ Heart-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.