მარიხუანას მოწევა ფილტვებს შეიძლება თამბაქოზე მეტად აზიანებდეს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მარიხუანას მოწევა ფილტვებს შეიძლება თამბაქოზე მეტად აზიანებდეს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მწეველის ფილტვებს და სასუნთქ გზებს კანაფი შეიძლება უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე თამბაქო; ამის შესახებ კანადაში ჩატარებული პატარა კვლევა იუწყება.

ოტავის უნივერსიტეტისა და ოტავის ჰოსპიტლის მკვლევრებმა შეისწავლეს კანაფის 56 მწეველის, 57 არამწეველის და 2005-დან 2020 წლამდე თამბაქოს მწეველი 33 ადამიანის გულმკერდის რენტგენული სკანირების მონაცემები.

შედეგად კი დადგინდა, რომ კანაფის რეგულარულ მწეველებში თამბაქოს რეგულარულად მწეველებსა და არამწეველებზე უფრო მაღალი მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი სასუნთქი გზების ანთება და ემფიზემა — ფილტვების ქრონიკული დაავადება.

„მარიხუანას მოხმარება სულ უფრო იზრდება და არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომ მარიხუანა უსაფრთხოა ან უფრო უსაფრთხო, ვიდრე სიგარეტი. თუმცა, ეს კვლევა მიუთითებს, რომ შეიძლება ასე სულაც არ იყოს“, — ამბობს ოტავის ჰოსპიტლის რადიოლოგი ჟიზელ რევა.

მისი განცხადებით, კანაფის მწეველებში ანთებისა და დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება, ვიდრე თამბაქოს მწეველებში, შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ განსხვავებებთან, თუ ძირითადად როგორ მოიხმარება ნარკოტიკი.

„თამბაქოსგან განსხვავებით, მარიხუანას გაუფილტრავად ეწევიან. როდესაც გაუფილტრავ მარიხუანას ეწევით, თქვენს სასუნთქ გზებში უფრო მეტი ნაწილაკი აღწევს, იქ ილექება და სასუნთქ გზებს აღიზიანებს“, — ამბობს მკვლევარი.

რევა იქვე დასძენს, რომ მარიხუანას შემთხვევაში, ადამიანები უფრო დიდ ნაფაზებს აკეთებენ და კვამლს ფილტვებში უფრო დიდხანს იჩერებენ, რაც შეიძლება, უფრო დიდ ტრავმას აყენებდეს ფილტვებს.

მიუხედავად შესაძლო ასეთი ახსნისა, კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ კანაფის ზოგიერთი მწეველი თამბაქოს მომხმარებელიც არის, ასევე ხაზს უსვამენ, რომ ფილტვების ზოგიერთი სკანირების შედეგები დაუზუსტებელია, რაც მეტი კვლევის საჭიროებაზე მიუთითებს.

როგორც რევა აღნიშნავს, ზოგადად, ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული ჯანმრთელობაზე კანაფის გავლენის შესახებ, რადგან უმეტესი ქვეყანაში ის აკრძალულია.

კანადაში, სადაც ეს კვლევა ჩატარდა, მარიხუანას რეკრეაციული მიზნებით მოხმარება 2018 წლიდან არის ლეგალიზებული.

კვლევა ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.