ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა ერთ წლამდე პატიმრობით
ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა ერთ წლამდე პატიმრობით

ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებში.

ამავე პროექტის თანახმად, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით – ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რვიდან 12 წლამდე.