საკანონმდებლო ცვლილებებით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

21:54, 30.06.2025

მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელსაც პარლამენტი ახალი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განიხილავს. დღეს მოქმედი კანონით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის და აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. პროექტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება იურიდიული პირისთვისაც და ეს უკანასკნელი დაჯარიმდება 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, ასევე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დისპოზიციას ემატება ჩანაწერი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემის ან რეალიზაციისთვის. ცვლილებების მიხედვით, დასახელებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ზემოაღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც და სახდელის სახით ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 1000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან 10 დღიდან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

მსგავსი