სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პატიმარმა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება.
„მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთის განმავლობაში ის გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.
მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩ.ნ საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.
პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლიდან იხდის სასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩ.ნ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის შედეგადაც, მისივე თქმით დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში. ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს ის, 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში.
გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს“ – აცხადებენ უწყებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე საათის წინაც გაავრცელა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და ფაქტის გამოძიებას ითხოვს.