რატი ბრეგაძე - სრულიად უპრეცედენტოა ქართული პროექტი, რომელიც გულისხმობს ონლაინმაღაზიას, ონლაინ არის შესაძლებელი პატიმრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა
რატი ბრეგაძე - სრულიად უპრეცედენტოა ქართული პროექტი, რომელიც გულისხმობს ონლაინმაღაზიას, ონლაინ არის შესაძლებელი პატიმრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა

დღეს პატიმრებს საშუალება აქვთ, საკუთარი შრომით მოიპოვონ შემოსავალი, ისინი ამზადებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, ასევე ჩვენ გავხსენით სპეციალურად მათთვის მაღაზია თბილისის ცენტრში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შეიძინოს პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს მათ რესოციალიზაციაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სრულიად უპრეცედენტოა ქართული პროექტი, რომელიც გულისხმობს ონლაინმაღაზიას.

„ონლაინ არის შესაძლებელი პატიმრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა, რაც კიდევ და კიდევ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პატიმრების რესოციალიზაციას საქართველოში. ასევე, ვცდილობთ, რომ კულტურული ცხოვრებაც იყოს რაც შეიძლება მეტად მრავალფეროვანი, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად ეხმარება პატიმრებს რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. საზოგადოებამ იხილა, მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრში ჩატარებული სპექტაკლი, რომელმაც სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა, ეს იყო პატიმრების მიერ დადგმული. ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტებს მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. სახელმწიფო სერვისებზე სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად დავიწყეთ ასევე ინოვაციური პროექტის განხორციელება და უკვე საზოგადოებამ იხილა, რომ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნა იუსტიციის სახლები. დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ზუსტად იმავე გარემოში პრაქტიკულად, რომელსაც მიჩვეულია ყველა ადამიანი, რომელიც სტუმრობს იუსტიციის სახლს, მიიღონ მათზე მორგებული სახელმწიფო მომსახურება. პრაქტიკულად, ეს არის რესოციალიზაციისკენ გადადგმული უნიკალური ნაბიჯი, რადგან ადამიანს ეცოდინება, თუ რა ტიპის მომსახურება დახვდება, როდესაც ის იქნება უკვე პენიტენციური დაწესებულების გარეთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღეში გაიხსნება ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე.

„ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე, უმაღლესი დონის სტანდარტს. ასევე, ბატონი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მხარდაჭერის შედეგად, დავიწყეთ რუსთავში ახალი დაწესებულების მშენებლობა, ეს იქნება ე.წ. მცირე ტიპის დაწესებულება, რაც თანამედროვე მსოფლიოში პენიტენციური დაწესებულებების ერთ-ერთ ბოლო დონის მიღწევად ითვლება, რადგან ეს უფრო ქმედითია, მარტივად სამართავია და პატიმრების უფლებების დაცვაც აქ ბევრად უფრო მაღალ ხარისხშია. შესაბამისად, 2024 წელს საქართველოში გვექნება ასეთი უნიკალური ტიპის პენიტენციური დაწესებულება, რომლითაც თამამად შეგვეძლება თქმა, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს დღეს არსებულ ყველა უმაღლეს სტანდარტს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით ემოციურია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთობლივად შევძელით და პირველად საქართველო მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ და განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატოთ იუსტიციის სამინისტროს გუნდის მიმართ, რომელმაც ეს ყველაფერი თავისი დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო“, – განაცხადა ბრეგაძემ.