სასჯელაღსრულების სამინისტრო - სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა
სასჯელაღსრულების სამინისტრო - სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. უწყების ცნობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

„მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა  გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სსკ-ის 115-ე მუხლით აწარმოებს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და ფაქტის გამოძიებას ითხოვს.