გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტში დემარშები რომ იყო, თურმე სააკაშვილს აწამებდნენ, ახლა საპირისპირო დასკვნა რომ არსებობს, რას ფიქრობენ? ქართული სახელმწიფოს მიმართ ბოდიში მოიხადონ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტში დემარშები რომ იყო, თურმე სააკაშვილს აწამებდნენ, ახლა საპირისპირო დასკვნა რომ არსებობს, რას ფიქრობენ? ქართული სახელმწიფოს მიმართ ბოდიში მოიხადონ

„წამების პრევენციის კომისიამ“ აღიარა, რომ საქართველოში ვერცერთი პატიმარი ვერ მოიძებნა, რომლის რომელიმე უფლება დარღვეული იყო, ანუ, კომისია აღიარებს, რომ საქართველოში ყველა პატიმრის უფლება დაცულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ ერთადერთ ნაკლად აღიარა ის, რომ თურმე სააკაშვილი თავს მარტოდ გრძნობს, რისი გადაწყვეტილებაც თავად მიიღო.

„სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმის დროს პატიმრებს არა მხოლოდ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, არამედ მიცვალებულებთან აბამდნენ და ასე ტანჯავდნენ. კომისიამ საქართველოში აბსოლუტურად შეცვლილი მდგომარეობა ნახა. კომისიამ ერთადერთ ნაკლად აღიარა ის, რომ თურმე სააკაშვილი თავს მარტოდ გრძნობს, რისი გადაწყვეტილებაც თავად მიიღო. მან შესაბამისს უწყებას უარი განუცხადა, რომ მასთან ერთად ვინმე ყოფილიყო. ეს მისი არჩევანია. რაც შეეხება დაბურულ შუშებს, მთელი ცხოვრება დაბურული შუშებით დადიოდა. სხვათა შორის, „ვივამედი“ არ არის ციხე და საპყრობილე. თავად ოპოზიციონერები აყენებენ საკითხს, რომ თუ დემენცია არ აქვს, განიკურნა საქართველოს ჰაერით, მაშინ სასჯელი მოიხადოს. სასამართლომ სააკაშვილს სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის დაწესებულებაში. ყველა იმ ადამიანის პოზიცია მაინტერესებს, ვინც ამბობდა, რომ სააკაშვილს ევროპული ჰაერი სჭირდებოდა. სტრასბურგის სასამართლოსა და კომიტეტის დასკვნის შემდეგ რას ამბობენ? ევროპარლამენტში მათი პლაკატები, დემარშები რომ იყო, თურმე სააკაშვილს აწამებდნენ, ახლა საპირისპირო დასკვნა რომ არსებობს, რას ფიქრობენ? ან დასკვნა აღიარონ, ან ქართული სახელმწიფოს მიმართ ბოდიში მოიხადონ. სამწუხაროდ, დასკვნებს უკუღმა კითხულობენ“, – განაცხადა მაჭარაშვილი.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.