საშინლად მკაცრი გარემოს მიუხედავად, ვენერაზე სიცოცხლე მაინც შეიძლება არსებობდეს — #1tvმეცნიერება
საშინლად მკაცრი გარემოს მიუხედავად, ვენერაზე სიცოცხლე მაინც შეიძლება არსებობდეს — #1tvმეცნიერება

პლანეტური ევოლუციის ზოგიერთი უცნაურობის გამო, ვენერა შეიძლება დედამიწა ყოფილიყო ან პირიქით.

ეს ორი პლანეტა ერთმანეთს ბევრი რამით ჰგავს, მაგრამ არის ძლიერი განსხვავებებიც — დედამიწა წყლიანია, აქვს ზომიერი ტემპერატურა, მაგრამ ვენერას ზედაპირი სასტიკად ცხელია და პლანეტა გახვეულია სქელ ატმოსფეროში, რომელიც ტოქსიკური და მჟავა ორთქლისგან შედგება.

მიუხედავად ამისა, ახალი კვლევის მიხედვით, ეს ატმოსფერო მთლად არასტუმართმოყვარეც არ არის. მართალია, ნაკლებია შანსი, რომ ასეთ გარემოში მიკრობები ცოცხლობდნენ, მაგრამ საკმარისად შესაძლებელია, რათა მხედველობაში მივიღოთ.

„ამ ღრუბლებს შეუძლია მხარი დაუჭიროს ბიომასას, რომელიც ადვილად შესამჩნევი იქნებოდა სამომავლო ასტრობიოლოგიური კოსმოსური მისიებისთვის“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კარდიფის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგი უილიამ ბეინსი ხელმძღვანელობდა.

მათივე განცხადებით, მართალია, მათ მიაჩნიათ, რომ ვენერაზე სიცოცხლის პოვნის პერსპექტივა სპეკულაციურია, ამის არგანხილვა არ შეიძლება.

ვენერაზე სიცოცხლის პოვნის პერსპექტივა დედამიწის კოლექტიურ წარმოსახვაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2020 წელს პლანეტის ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს.

ფოსფინი შეიძლება წარმოიქმნას როგორც ბიოლოგიური, ისე გეოლოგიური პროცესები შედეგად და მისმა აღმოჩენამ ცხარე დებატები გამოიწვია. დებატებმა გააღვიძა სამეცნიერო ინტერესი, რათა ხელახლა შეფასდეს ვენერას სიცოცხლისუნარიანობა ან პირიქით.

ვენერას ზედაპირი ძლიერ არახელსაყრელია სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის: მის ზედაპირზე ტემპერატურა საშუალოდ დაახლოებით 464 გრადუსი ცელსიუსია. სიცოცხლის ქიმია მოითხოვს გამხსნელს (დედამიწაზე ეს არის წყალი) და ტემპერატურა იქ არახელსაყრელია ყოველგვარი სითხისთვის. თუმცა, ვენერას ცა გაცილებით ზომიერია, გახვეულია გოგირდმჟავას ღრუბლებში და მიიჩნევა, რომ სიცოცხლისთვის დიდად ხელსაყრელი არც ის არის.

უილიამ ბაინსი არის ჯგუფის წევრი, რომელსაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი სარა სიგერი ხელმძღვანელობს და რომელშიც ასევე შედის ამავე ინსტიტუტის ბიოქიმიკოსი იანუშ პეტროვსკი. ისინი ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლის შესაძლებლობას იკვლევენ.

რამდენიმე დღის წინ, ჯგუფმა ახალი პუბლიკაციები გამოაქვეყნა. ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ექსპერიმენტულად არის შესწავლილი, შესაძლებელია თუ არა სიცოცხლისთვის საკვანძო მოლეკულების გადარჩენა გოგირდმჟავაში; ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში კი განხილულია ვენერას სიცოცხლისუნარიანობის საწინააღმდეგო არგუმენტები.

პირველ რიგში განვიხილოთ გოგირდმჟავა. ჯგუფის მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ სიცოცხლემ გოგირდმჟავა შეიძლება გამხსნელად გამოიყენოს, მაგრამ ეს არ იქნება სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ რნმ და დნმ გოგირდმჟავაში არასტაბილურია. თუმცა, აზოტოვანი ფუძეები — რნმ-სა და დნმ-ის საბაზისო საშენი მასალა, შეიძლება ასე არ იყოს, იმისდა მიხედვით, თუ რა არის ისინი.

იმის შესამოწმებლად, ინარჩუნებს თუ არა სტაბილურობას აზოტოვანი ფუძეები გოგირდმჟავაში, მკვლევრებმა აზოტოვანი ფუძეები 81-98-პროცენტიანი კონცენტრაციის გოგირდმჟავაში მოათავსეს.

ადენინი, ციტოზინი, გუანინი, თიმინი და ურაცილი ოთახის ტემპერატურაზე, 18-21 გრადუსზე, რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩა სტაბილური; სწორედ ასეთია ტემპერატურა ვენერას ღრუბლებში.

ასე მოიქცა პურინი და პირამიდინიც, ასევე ნაერთი, სახელად 2,6-დიამინოპურინი, რომელსაც ზოგიერთი ვირუსი ადენინის გენეტიკური საფუძვლის შემცვლელად იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე თეორიულად, იგივე აზოტოვანი ფუძეები შეიძლება საკმაოდ ბედნიერად „ნებივრობდნენ“ ვენერას გოგირდმჟავა ღრუბლებში.

მეორე პუბლიკაციაში, ჯგუფმა სიცოცხლის შესაძლებლობის საწინააღმდეგო არგუმენტები გაანეიტრალა, რომლებიც იმაზეა ფოკუსირებული, ხდის თუ არა ვენერას ღრუბლებისა და ატმოსფეროს თავისებურებები სიცოცხლის არსებობას შეუძლებელს.

წყლის არარსებობა დიდი დაბრკოლებაა, რადგან დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ წყალზეა დამოკიდებული. სწორედ აქ ეხება კვლევა გოგირდმჟავას; როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, სულაც არ არის შეუძლებელი, რომ გოგირდმჟავა სწორედ იმ როლს ითავსებდეს, რასა წყალი ასრულებს დედამიწაზე.

მეორე დაბრკოლებაა გრავიტაცია; ნებისმიერ მასას, თუნდაც მცირეს, ჰაერში ტივტივი გაუჭირდება, რადგან მასზე ქვემოთ მიმართული გრავიტაცია მოქმედებს. ამ შემთხვევაში, ჯგუფმა დაადგინა, რომ გრავიტაციის ტალღები — უბრალოდ ტალღები ატმოსფეროში, რომლებიც აქ, დედამიწაზეც გვაქვს — მიკრობების საკმაოდ დიდ პოპულაციას ჰაერში შეინარჩუნებს. ასევე, ეფექტს, სახელად უარყოფითი ფოტოფორეზი, სინათლის მიერ წარმოქმნილი სითბოს გამოყენება ამწევის სახით უნდა შეეძლოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საკმარისი ქიმიური ენერგია არ არის, ბევრი რამ არის სიცოცხლისთვის საჭირო. ჯგუფის გათვლების მიხედვით, საკმარის, რათა გაიზარდოს და შენარჩუნდეს ბიომასა ფოტოსინთეზის ან ფოტოტროფიის სახით. ჯგუფმა ვენერაზე ვერც წყალბადისა და ლითონების ნაკლებობა შენიშნა, ისე, რომ მთლიანად გამოირიცხებოდეს სიცოცხლის შესაძლებლობა.

მკვლევართა აზრით, ასეთი სიცოცხლე ძებნად ღირს. თუ ის მართლაც არსებობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰგავდეს დედამიწაზე არსებულს და მისი შესწავლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს წარმოდგენას სამყაროში სიცოცხლის აღმოცენების გზების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლე სპეკულაციურია და საზოგადოების უმეტეს ნაწილს სჯერა, რომ ვენერას ღრუბლებში მისი არსებობის მხოლოდ მცირე შანსია, არცერთი არგუმენტი არ გამორიცხავს იქ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, დედამიწისეული სიცოცხლე ვენერას ღრუბლებში ვერ გადარჩება. ისინი მოუწოდებენ სხვა მკვლევრებს, რომ მხედველობაში მიიღონ ვენერა, როგორც ადგილი, სადა შეიძლება დედამიწისგან ძლიერ განსხვავებული სიცოცხლე არსებობდეს.

ორივე პუბლიკაცია უფასოდ არის ხელმისაწვდომი PNAS-სა და Astrobiology-ში.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.