სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს
მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელებენ, არასრულწლოვნების პროცესი კი 31 ივლისს არის ჩანიშნული.
ბრალდებულების ადვოკატების ნაწილს არა აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დააყენებენ გირაოს გამოყენების შუამდგომლობას.
მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დასმული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
„დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, დააყენებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით თავის პოზიციას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული, მაგრამ არა იმ ფორმით და დოზით, რაც ამ შემთხვევაში არის პატიმრობა. ჩვენ მოვითხოვთ გირაოს. სასამართლოს თავად ვთხოვთ, რომ თვითონ შეაფასოს თანხის ოდენობა. ჩვენ მზად ვართ, აღრიცხვაზე დავდგეთ და ყოველკვირეულად ვიაროთ ხელის მოსაწერად. ჩვენ ამაზეც თანახმა ვართ. აქედან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკურ კონტურებში და სამართლებრივად მოახდენს მსჯელობას. ვარაუდით, დასაბუთებული სტანდარტით, რომელიც არსებობს ამ მტკიცებულების ერთობლიობით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ემალება გამოძიებას, არც ხელს უშლის გამოძიებას და მომავალშიც აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
რაც შეეხება დაზარალებულ მხარეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ოჯახი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოთ.
„დაზარალებულ ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც დღეს აქვთ შეფარდებული, დარჩება ძალაში, ვინაიდან ამისათვის არსებობს როგორც პროცესუალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას არ შეეშალოს ხელი და ისინი არ მიიმალონ. ამ დამატებით ვადაში ძიების ფარგლებში გავარკვიოთ ყველაფერი ბოლო სიზუსტემდე და ნიუანსებამდე. თქვენ ხედავთ უკვე დადებით ტენდენციას, რომ აღარაფერი დარჩება გაურკვეველი. უკვე დავიძარით იქითკენ, რომ ყველა დეტალი იქნას აღდგენილი და დარწმუნებული ვარ, როცა საქმე სასამართლოში წავა, მთლიანად იქნება დაკმაყოფილებული ის მაღალი სტანდარტი, რასაც სასამართლო ითხოვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.