სასამართლო გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებული მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებული მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებული მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ერთ-ერთი ბრალდებული, ლევან გელაშვილი, რომელიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს. დაკავებულის ადვოკატი მისთვის 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს. ბრალდება ედავება გულგრილობას, რაც გამოიხატა იმაში რომ ურდულის კარი დაუკეტავი დარჩა და პრიორიტეტად ჩათვალა გაეშველებინა კონკრეტულად რურუა და სხვა დაკავებულები. ის ეფარება კადრებშიც ბატონ გიორგი რურუას. როდესაც დაინახა ჩხუბი, სიჩქარეში გამოვარდა და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. რურუა სპეციალური უფლებებით სარგებლობს, ყველა კარი დაკეტილი უნდა ყოფილიყო. ერთ საკანში კი სარემონტო სამუშაოები იყო, ჩემი ბრალდებული ახორციელებდა კონტროლს და ღია ამიტომ იყო, უფრო სწორად, მიხურული იყო და არ იყო ურდულით დაკეტილი“, – განაცხადა ადვოკატმა, გოგიტა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა, პროკურორი სასამართლოს დაკავებულების სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შუამდგომლობითაც მიმართავს.

პროკურორმა, თორნიკე არეშიძემ განაცხადა, რომ  სწორედ მათი ვალდებულება იყო ზედამხედველობა გაეწიათ პატიმარ გიორგი რურუას უსაფრთხოებაზე, რაც მათ ვერ მოახერხეს.

მისივე განმარტებით, კანონის შესაბამისად, დაკეტილი უნდა ყოფილიყო ყველა კარი, თუმცა ერთ-ერთი კარი იყო ღია და სწორედ ამის გამო ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გიორგი რურუას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

„საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია იმის დასასაბუთებლად, რომ დაკავებულებმა სამსახურეობრივი გულგრილობა ჩაიდინეს. მათ ევალებოდათ ბრალდებულის და მსჯავრდებულის შეხვედრაზე გაყვანისას, დაეცვათ უსაფრთხოების წესები. შალვა მარგველაშვილმა არ განახორციელა სათანადო ყურადღება რურუაზე. მარგველაშვილმა დატოვა რურუა ზედამხედველობის და დაცვის გარეშე, როდესაც ის ფლიგელში მიდიოდა. მარგველაშვილის მხრიდან დაუდევარი დამოკიდებულების გამო, ფიზიკური ზიანი მიადგა გიორგი რურუას. მტკიცებულებები არის გამოკითხვის ოქმები.

სახეზეა ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. ლევან გელაშვილის და შალვა მარგველაშვილის მიერ სავარაუდოდ, ჩადენილია დანაშაული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და მოსალოდნელი საფრთხეა, რომ ისინი მიემალებიან გამოძიებას“, – განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მერვე პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი – ლევან გელაშვილი და შალვა მარგველაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მერვე პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა, შალვა მარგველაშვილმა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა, ლევან გელაშვილმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 2 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დაკავებუბლებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.