ადვოკატი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს
ადვოკატი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ამის გამო იანვრის დასაწყისში საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე გამართულ პროცესშიც ვერ მიიღო მონაწილეობა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების სამი მოწმის დაკითხვა იგეგმება. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, დღეს დაკითხავენ 7 ნოემბრის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებს.

სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში აქვს ბრალი წარდგენილი.

ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.