მიხეილ სააკაშვილი - როდესაც გვეუბნებიან, თქვენ გინდათ არეულობაო, არეულია უკვე ყველაფერი, სამწუხაროდ
მიხეილ სააკაშვილი - როდესაც გვეუბნებიან, თქვენ გინდათ არეულობაო, არეულია უკვე ყველაფერი, სამწუხაროდ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. საკუთარი განცხადება მან ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს და ამ კონტექსტში საფრთხეებზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, რაც ხდება ახლა ისრაელში, სიკეთის და ბოროტების ბრძოლაა, ევროპაშია წესრიგი და საქართველომ ევროპული გზა უნდა აირჩიოს.

რაც შეეხება ბრალდების საქმეს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურია და ოთარ ფარცხალაძემ მიიღო მის შეკერვაში მონაწილეობა.

„„ფეესბეს“ ოფიცერი ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა ამ საქმის შეკერვა. ამ საქმის პოლიტიკური ნაწილი რომ გავიგოთ, უნდა გესაუბროთ, რაზეა საერთოდ საუბარი. გასაგებია, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარცხალაძის შეკერილ საქმეებზეა საუბარი, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაშია საქმე. საქმე იმაშია, რომ დღეს მიმდინარეობს ახალი მსოფლიო ომი. ამ სიტუაციაში ჩვენ ვართ ძალიან რთულ ვითარებაში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება, რაღაც დაიწყოს და მოხდეს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება, რაღაც მოულოდნელ და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავდროულად, სააკაშვილმა აღნიშნა: „როდესაც გვეუბნებიან, თქვენ გინდათ არეულობაო, არეულია უკვე ყველაფერი, სამწუხაროდ. მინდა, გითხრათ, რომ ის, რაც ხდება ახლა ისრაელში, სიბნელისა და სინათლის ბრძოლა, სიკეთის და ბოროტების ბრძოლაა. დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელი გაიმარჯვებს. საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ ამის უკან რუსეთი დგას“.

ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სოფო ჯაფარიძე ხსნის მიხეილ სააკაშვილის ოფისს. „თქვენი იმედი მაქვს ძალიან დიდი. ორ დღეში სოფო ჯაფარიძე, რომელიც ჩემი წარმომადგენელია, ხსნის მიხეილ სააკაშვილის ოფისს. მე თქვენთან ერთად დავდგები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, ახლა საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დროა.

„სიფხიზლე, ერთიანობა, გადამწყვეტ მომენტში გაერთიანება, წინასწარ ცოდნა, რას ვაკეთებთ გადამწყვეტ მომენტში და ეს მომენტი ახლოვდება, მანამდე მუდმივი მოქმედება, მოძრაობა.

საქართველო აქედან აუცილებლად გამარჯვებული გამოვა. თქვენთან ერთად ვდგავარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.