საქართველოში პლასტიკის პარკების აკრძალვის გამო, რამდენიმე კომპანიამ მუშაობა შეაჩერა
საქართველოში პლასტიკის პარკების აკრძალვის გამო, რამდენიმე კომპანიამ მუშაობა შეაჩერა

მთავრობის დადგენილებით, დღეიდან საქართველოში ნებისმიერი ზომის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.

შედეგად, აღნიშნული სახის საქმიანობით დაკავებულმა რამდენიმე კომპანიამ დღესვე წარმოების გაჩერებისა და თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ჯორჯიანტრანსის“ ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ნემსაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქარხნის მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. როდის განაახლებს კომპანია მუშაობას, ჯერ  უცნობია.

„ქარხნის მუშაობა დღეიდან შეჩერებულია. საწარმოდან კი, 25 ადამიანის გაშვება მოგვიწია. ანალოგიური გადაწყვეტილება სხვა კომპანიებმაც მიიღეს. ამასობაში, ბაზარი ივსება ფალსიფიცირებული იმპორტირებული პროდუქტით, რომელსაც შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო, სახელმწიფო ვერ ამოწმებს“, – განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.
მისივე თქმით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს რეგულაციების გადავადების მოლოდინი ჰქონდათ. როგორც ირაკლი ნემსაძე აღნიშნავს, მსგავსი დაპირება კომპანიებმა სახელმწიფოსგან მიიღეს.

„მთავრობასთან კონსულტაციების დროს გვქონდა ირიბი და პირდაპირი დაპირებაც, რომ აცნობიერებდნენ რა რეგულაციების სიმძიმეს, მოხდებოდა მისი გადავადება. ვფიქრობთ, რამდენიმეთვიან პერიოდში საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარების ჩამოწერა და ახლების შეძენა, ამასთან საჭირო ნედლეულის მომწოდებელი ბაზრის პოვნა და პროდუქციის გატესტვა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ნემსაძემ.

სამსახურიდან 80 თანამშრომელი გაათავისუფლა პლასტიკის პარკების მწარმოებელმა კომპანია „აა პლასტმაც“. კომპანიის გენერალური დირექტორის, ლევან ბიწაძის თქმით, ახალმა რეგულაციამ აწყობილი ბიზნესი, რომელიც ბაზრის მოთხოვნის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებას ახერხებდა, ხელის ერთი მოსმით დაანგრია.

„მინისტრის სიტყვა თუ არაფერს ნიშნავს, მაშინ ბიზნესმა ვის უნდა დაუჯეროს? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოგვცა პირობა, რომ გვექნებოდა გარდამავალი პერიოდი და სახელდებოდა კონკრეტული თარიღიც. შესაბამისად, ნამდვილად იყო მოლოდინი, რომ დადგენილების ამოქმედება დღეს არ მოხდებოდა. ამ ყველაფრის ფონზე კი, ჩემი საწარმოდან უკვე 80 კაცი სამსახურის გარეშე დარჩა. 2 მილიონზე ნაკლებს არ ვიხდი ბიუჯეტში. შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩემმა კომპანიამ ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება ვერ მოახერხა, ყოველწლიურად ეს თანხა დაკარგა ბიუჯეტმაც“, – განაცხადა ლევან ბიწაძემ.

„აა პლასტის“ გენერალური დირექტორის თქმით, ბიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოახერხებდა და ამ მიმართულებით მუშაობაც დაწყებული ჰქონდათ, თუმცა ლევან ბიწაძე შიშობს, რომ სანამ ადგილობრივი მწარმოებლები რეგულაციებზე მორგებას შეძლებენ, ბაზარი ფალსიფიცირებული იმპორტირებული პროდუქტით გაჯერდება.

საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ამავე დადგენილებით, დღეიდან სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

 

ავტორი: ქრისტინე გამთენაძე