ოთარ შამუგია - პირველადი წარმოების ნაწილში ბოლო ათ წელიწადში 80-85-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება
ოთარ შამუგია - პირველადი წარმოების ნაწილში ბოლო ათ წელიწადში 80-85-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროს 2022 წლის საქმიანობა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ შეაჯამა.

ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე.

„ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას და ისაუბრა ქვეყანაში არაერთი მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან შედეგებსა და მიღწევებზე, ასევე, იმ მასშტაბურ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც  გვაქვს და ბოლო ორი წელია, ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ ახალი  პროექტები, რომლებიც მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და გარემოზე ზრუნვა, გარემოს დაცვა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარება და ეტაპობრივად დაიწყო შესაბამისი პროექტების განხორციელება.

„ამ პროექტების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი ფერმერების ხელშეწყობა, მეწარმეებისთვის ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობაა. ასევე ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გააშენონ ახალი ბაღები, შეიძინონ ახალი ტექნიკა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პირველადი წარმოების მიმართულებით დღეს არსებულ შედეგებზე.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, პირველადი წარმოების ნაწილში გამოშვება ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის 80-85 პროცენტით არის გაზრდილი. შარშანდელი მონაცემებიდან, სამი მილიარდ  600  მილიონიდან დაახლოებით 6.5 მილიარდზე ავედით; გადამუშავებული პროდუქციის ნაწილში კი ოთხი მილიარდიდან დაახლოებით 7.3 მილიარდ ლარამდე. წელს, ცხრა თვის მონაცემებით, პირველადი წარმოების ნაწილში გვაქვს 5.5 მილიარდი ლარი გამოშვება და, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 13-14-პროცენტიანი ზრდაა. წლის ბოლომდე, ვფიქრობ, უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვექნება. აქვე, შევეხები ექსპორტის მონაცემებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით 125-130-პროცენტიანი ზრდა გვაქვს და წელს, ვფიქრობ, პირველად, დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარიანი ექსპორტის მაჩვენებელი გვექნება“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.