ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ თანდათან ვზრდით უკრაინული წარმოების მოცულობას, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ თანდათან ვზრდით უკრაინული წარმოების მოცულობას, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

Ჭურვების მოწოდება – ეს ის საკითხია, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. Მთელ მსოფლიოში ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, ამასთან, თანდათან ვზრდით უკრაინული წარმოების მოცულობას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან იქნება მეტი ქმედებები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ჩვენ აშკარად ვხედავთ სფეროებს, სადაც რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, რათა მათი ტერორისტული შესაძლებლობები არ გაიზარდოს. სანქციები არ არის საკმარისი. უკრაინის მხრიდან იქნება კიდევ უფრო მეტი ქმედებები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის აგრესია ვიდრე გრძელდება, რუსეთის დანაკარგები ხელშესახები უნდა იყოს. ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან ომის დასასრულებლად უკრაინის პირობებით, ჩვენს „მშვიდობის ფორმულაზე“ დაყრდნობით სრულიად სამართლიანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა ძალისხმევა, რომ „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებას მსოფლიოს უმრავლესობა შეუერთდეს.

„ვაფასებ ავსტრიის მზადყოფნას, შეუერთდეს ამ ძალისხმევას. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ჩვენი ევროპული კურსიც. მე ვისაუბრე უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებაზე. ჩვენ ვეყრდნობით ავსტრიის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის ევროპული ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსი ტერორისტები ყოველდღე რაკეტებითა და „შაჰედებით“ ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს.