საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი 3-4 ოქტომბერს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საგარეო საქმეთა სამინისტრის წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში, რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების ნათელი დასტურია.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, აქცენტები გამახვილდება ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.