სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერთან ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ ინტეგრაციის პროცესში მიღწეული ყველა წარმატება.

აღინიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში კარგი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივას, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველო-ნატოს მომავალი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად ეროვნული არჩევანია. პრეზიდენტის თქმით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებები.