როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო მუშაობა
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო მუშაობა

საქართველო ალიანსისთვის არის უნიკალური პარტნიორი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გოტმიოლერმა აღნიშნა, ნატო-ს ყველა მოკავშირე აღიარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს და იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ოპერაციებსა და მისიებში.

„დღეს ჩვენ შევაჯამეთ, რამდენს მივაღწიეთ და როგორ გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა მომავალ წლებში. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის წარმატების ისტორია. თქვენი ურთიერთთავსებადობა ნატო-სთან და თქვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები გაზარდა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე აღიარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს და იმ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენს ოპერაციებსა და მისიებში. მიმდინარე წელს პირველად ამ ცენტრმა ორგანიზება გაუწია და უხელმძღვანელა კრიზისებზე რეაგირების მრავალეროვნულ წვრთნას, რომელიც ნატო-ს პროცედურების შესაბამისად ჩატარდა. ეს იყო რთული ამოცანა, თუმცა მათ ეს გააკეთეს თავიდან ბოლომდე და ეს იყო წარმატება. ახლა ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვემზადებით ნატო-საქართველოს
მორიგი წვრთნებისთვის, რომელიც 2022 წელს ჩატარდება. ჩვენ ასევე ვავითარებთ დიალოგს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით.

მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მისწრაფებას, გააგრძელო ნატო-სა და ალიანსის ლოჯისტიკური მხარდაჭერა.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ თქვენ სანაპირო დაცვასთან ურთიერთთავსებადობის გასაძლიერებლად, მათ შორის აბორდაჟის ჯგუფების მიმდინარე წვრთნების ფარგლებში. ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო ამ დილით მათთან შეხვედრა, თქვენი სანაპირო დაცვის წევრები ნამდვილი პროფესიონალები არიან“, – განაცხადა გოტმიოლერმა.

მისივე თქმით, საქართველო აჩვენებს, რომ ის არის უსაფრთხოების ექსპორტიორი.

„თქვენი ქვეყანა რჩება უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ჩვენ მივესალმებით თქვენს მიერ გატარებულ რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და თქვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად ამ გზაზე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთ, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ სხვაგვარად. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის სასიამოვნოა თქვენთან ერთად ბათუმში ყოფნა, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თბილი მასპინძლობისთვის. ივნისში ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ნატო-ს ლიდერებმა დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის მიერ გავრცელებული განცხადებაში ამ დადასტურებას შეიცავდა. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო მუშაობა, რათა მოვამზადოთ თქვენი ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის“, – განაცხადა გოტმიოლერმა.