ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერის შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო.

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.