ნატო საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
ნატო საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

ნატო საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმში ვიზიტის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მადლობა მოახსენა მას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის.

3 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

სხდომაზე ქალბატონმა გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატო დიდად აფასებს საქართველოს წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, და რომ საქართველო „არის ნატო-ს ოპერაციების ფარგლებში ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი“.

მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში „აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მე-5 წლისთავი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორებისადმი, ასევე ნატო-ს წევრობისთვის საქართველოს მომზადების პროცესში, ჩვენი მხარდაჭერის ქვაკუთხედს“.

ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ქალბატონმა გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მათ შორის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის და ერთობლივი წვრთნების მეშვეობით.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით პაკეტის გადახალისებასა და გაუმჯობესებაზე. მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებაა, რესურსების შემდგომი მიწოდება“, – განაცხადა გორმიოლერმა.

მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცების პროცესს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და თავდაცვაზე გაწეული ხარჯების მხრივ მიღწეულ პროგრესს.

„მოგიწოდებთ, ამ გზის გაგრძელებისკენ და თავდაცვის სექტორის რეფორმის გარდა, სხვა შესაბამისი რეფორმების განხორციელებისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განმტკიცება და მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმის გატარება. ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლებთ თქვენთან რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან“, – განაცხადა მან.

ქალბატონმა გოტმიოლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეთა ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნატო მიიღებს საქართველოს, როგორც ალიანსის წევრს და რომ ნატო-ს კარი ღიაა.

„დღეს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ასევე გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო მომძლავრების გამო. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ჩვენ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

გარდა ამისა, ქალბატონი გოტმიოლერი სიტყვით გამოვიდა ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე.

თავის გამოსვლაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორობა ნატო-სთან მოიცავს ყველა პოლიტიკურ და პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც აუცილებელია ნატო-ში გაწევრიანებისთვის, როცა ამისთვის შესაბამისი პირობები იქნება.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს აუცილებელი რეფორმების გატარება, რათა, როცა ნატო-ს წევრები მზად იქნებიან ამ პოლიტიკურ პროცესში შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად, საქართველო ასევე იყოს მზად“, – აღნიშნა გოტმიოლერმა.