როუზ გოტმიოლერი - ნატო-სთვის მზადება მოითხოვს გამბედაობას, თავდაჯერებულობას, მთელი საზოგადოების მიდგომას, განსხვავებული პოზიციის პარლამენტარების ერთად მუშაობას
როუზ გოტმიოლერი - ნატო-სთვის მზადება მოითხოვს გამბედაობას, თავდაჯერებულობას, მთელი საზოგადოების მიდგომას, განსხვავებული პოზიციის პარლამენტარების ერთად მუშაობას

ნატო-ს წევრობისთვის მზადება მოითხოვს გამბედაობას, თავდაჯერებულობას, მთელი საზოგადოების მიდგომას, განსხვავებული პოზიციის მქონე პარლამენტარების ერთად მუშაობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ​ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

გოტმიოლერის თქმით, მისთვის პატივია, რომ აქვს საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის, ქვეყნის მნიშვნელოვანი განვითარებისა და რეფორმების შესახებ მათთან აზრთა გაცვლის შესაძლებლობა.

„ჩემთვის სასიამოვნოა აქ, ბათუმში ყოფნა, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობა. ჩემთვის პატივია, რომ მაქვს საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი განვითარებისა და რეფორმების შესახებ მათთან აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. ჩვენ ახლახან ვიყავით ბათუმის პორტში, სადაც ვიხილეთ საქართველოს ახალი საზღვაო შესაძლებლობები და გავიგეთ საქართველოს საზღვაო სანაპირო დაცვის ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

გოტმიოლერის თქმით, ნატო საქართველოში მიმდინარე შიდა და თავდაცვის სექტორის რეფორმებს უზრუნველყოფს – როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მხარდაჭერით.

„მიღწეულია არსებითი პროგრესი დემოკრატიის გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, თავდაცვის ძალებისა და ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით. თუმცა რეფორმების გზა და პროგრესი უნდა გაგრძელდეს საქართველოს სიმტკიცის, ნატო-ს მოკავშირეების გვერდით მუშაობის უნარის გასაძლიერებლად და რაც მნიშვნელოვანია, ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. ეს მოითხოვს გამბედაობას, თავდაჯერებულობას, მთელი საზოგადოების მიდგომას და განსხვავებული პოზიციის მქონე პარლამენტარების ერთად მუშაობას.

საქართველოს მთელი მოსახლეობის წარმომადგენლობით პარლამენტარები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს საქართველოს მისწრაფებებსა და ძალისხმევაში, ასევე იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო დარჩეს რეგიონის ლიდერად რეფორმების თვალსაზრისით.

როგორც ცოტა ხნის წინ პარლამენტის სპიკერთან აღვნიშნე, ჩვენ ძალიან გვიხარია, როდესაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველო ესწრება, სადაც ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ და ყველაზე რთულ კითხვებს სვამენ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.