მღვიმის მიმდინარე გათხრებისას აღებულ ნიმუშებში უძველესი ადამიანის გენომს მიაგნეს.
ანალიზების შედეგად გამოვლინდა ბოლო გამყინვარების ხანაში, 25 000 წლის წინ მცხოვრები ქალის გენეტიკური მასალა. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ეს ქალი მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას წარმოადგენს: უძველეს ადამიანთა პოპულაციების იდენტიფიცირებას მაშინაც კი, როცა ჯერ ძვლებიც არ გვაქვს აღმოჩენილი.
ნიმუშებში ასევე გამოვლინდა მგლისა და ბიზონის სახეობების დნმ, რომლებიც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მათი პოპულაციური ისტორიის კონტექსტში მოათავსა.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ახალ ცნობებს გვაწვდის გვიანდელი პლეისტოცენის ხანის სამი სახეობის გენეტიკური ისტორიის შესახებ და წარმოაჩენს, რომ დანალექებში არსებული დნმ-ის პირდაპირ სეკვენირებას, მიზანმიმართული გამდიდრების გარეშე, შეუძლია მოგვცეს გენომის მასშტაბის მონაცემები წინაპრებისა და ფილოგენეტიკური ურთიერთობების შესახებ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
როგორც წესი, უძველესი დნმ-ის აღმოჩენა ძვლებისა და იღბლის საფუძველზე ხდება. პირველ რიგში საჭიროა ძვლები, რომლებიც იმდენად კარგად უნდა იყოს შემონახული, რომ მათში ათასობით წლის განმავლობაში შემორჩენილიყო დნმ.
ამის შემდეგ, საჭიროა მათი პოვნა და სეკვენირებისთვის საკმარისი გენეტიკური მასალის აღება. ნამდვილად შრომატევადი საქმეა, მაგრამ ღირებული — უძველეს დნმ-ს ძალიან ბევრი ნაპრალის ამოვსება შეუძლია ადამიანებისა და სიცოცხლის სხვა ფორმათა ევოლუციურ ისტორიაში.
ბევრ არქეოლოგიურ ძეგლზე ჰომინიდების ყოფნის იმაზე მეტი მტკიცებულება შეიმჩნევა, ვიდრე ამას ძვლები მიუთითებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილია საწურბლიას მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. დროის სისასტიკეს ძვლებზე უკეთ არტეფაქტები უძლებს, მაგალითად, ქვის იარაღები, რაც სულაც არაა გასაკვირი. ამ მღვიმეს უძველესი ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ, მაგრამ ამ დრომდე სეკვენირებულია საწურბლიადან აღებული მხოლოდ ერთი ინდივიდის გენომი, 15 000 წლის წინანდელი ადამიანის.
დნმ, რომელიც დანალექ ქანებში შეიძლება იყოს შენახული, წარსულის კვლევის სულ უფრო მიმზიდველი და ბრწყინვალე გზა ხდება. ის დალექილია ფეკალიებში, როგორც ეს ცოტა ხნის წინ უძველესი დათვების დნმ-ის აღმოჩენის შემთხვევაში იყო, ანდაც მტვრად ქცეულ ძვლის ფრაგმენტებში.
სწორედ ამიტომ, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ვენის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი პერე გელაბერტი და არქეოლოგი რონ ფინასი ხელმძღვანელობდნენ, საწურბლიას მღვიმეში დნმ-ის მოძებნა გადაწყვიტა. მათ ნიადაგის ექვსი ნიმუში აიღეს და ფრთხილი კვლევა დაიწყეს — ეძებდნენ გენეტიკური მასალის კვალს.
მკვლევრებმა მას მიტოქონდრიული დნმ-ის სახით მიაგნეს. მართალია, ის დანაწევრებული და არასრული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გულმოდგინე მუშაობის შედეგად ყველა ნაწილი შეაერთეს, უკვე საკმარისი აღმოჩნდა ამ რეგიონში ერთ დროს ბინადარი ადამიანების შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად.
პირველად ქალის კვალი გამოიკვეთა. მისი გენომის მხოლოდ მცირე ფრაგმენტის აღდგენა მოხერხდა, მაგრამ მის საფუძველზე მკვლევრებმა მაინც შეძლეს იმის დადგენა, რომ ის თანამედროვე ადამიანთა ამ დრომდე უცნობი ჯგუფის წევრი ყოფილა. ეს ჯგუფი ამჟამად გადაშენებულია, მაგრამ წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი ევროპისა და აზიის მოსახლეობაში; ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი უძველესი გენომი ამჟამინდელ ადამიანთა გენომებს შეადარეს.
მკვლევართა განცხადებით, ნიმუშებში აღმოჩენილი მგლის გენომი წარმოადგენს აქამდე უცნობ, ამჟამად გადაშენებულ ხაზს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო გამყინვარების მიწურულს, დაახლოებით 11 000 წლის წინ, მგლების პოპულაციები მნიშვნელოვნად შეიცვალა, ზოგიერთი ხაზი კი, მაგალითად ეს კონკრეტულიც, მთლიანად გაქრა.
და ბოლოს, ბიზონის გენომში აღმოჩენილი მიტოქონდრიული დნმ დღევანდელ ბიზონებშიც გვხვდება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი გენომი უფრო ახლოს ენათესავება ევროპული და ევრაზიული ბიზონებისას, ვიდრე ჩრდილოამერიკული ბიზონისას; ეს აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მიუთითებს, რომ ორი ხაზი ერთმანეთს საწურბლიას მღვიმის ბიზონამდე გამოეყო. ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, ჯერ ამერიკული ბიზონი გამოჩნდა, შემდეგ კი სხვადასხვა პოპულაციებად დაიყო.
ამ დროისთვის უცნობია, ეს სამი სახეობა მღვიმეში ერთდროულად ცხოვრობდა თუ არა, რადგან ზუსტი დათარიღება ურთულესია. ამას გარდა, ნიადაგიდან აღებულ დნმ-ს კვლევას მნიშვნელოვანი შეზღუდვებიც აქვს, მაგალითად, გენეტიკური მასალა ფრაგმენტირებულია და დიდია დაბინძურების შესაძლებლობა.
მიუხედავად ამისა, აღმოჩენა წარმოაჩენს, რომ ამ იაფი და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის წყალობით, იმაზე გაცილებით ბევრი რამის გარკვევაა შესაძლებელი, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.