აღმოჩენილია აქამდე უცნობი ტიპის უძველესი ადამიანის ძვლები — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია აქამდე უცნობი ტიპის უძველესი ადამიანის ძვლები — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 120 000 წლის წინ, ლევანტში ჰომო საპიენსი უძველესი ადამიანის ისეთი ტიპის გვერდით ცხოვრობდა, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.

ამაზე მეტყველებს არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი ახალი ნამარხი — უძველესი თავის ქალის, ყბის ძვლებისა და კბილების ფრაგმენტები, რომლებიც ერთი შეხედვით ნეანდერტალის და ჰომო საპიენსისას ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში, არც ერთ მათგანს არ ეკუთვნოდა.

ჰომინინის ეს ახლად აღმოჩენილი ტიპი შეიძლება ევროპის ნეანდერტალების პოპულაციის წინაპარი იყოს, რაც ნათელს ჰფენს საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ მოხვდა ამ პოპულაციაში ჰომო საპიენსის დნმ ამ რეგიონებში მათ გამოჩენამდე. ამას გარდა, ისინი შეიძლება აზიის არქაული ჰომო პოპულაციის წინაპრებიც იყვნენ.

ამ უძველეს ადამიანს არქეოლოგებმა ნეშერ-რამლას ხალხი უწოდეს, იმ არქეოლოგიური ძეგლის სახელის მიხედვით, სადაც ის აღმოაჩინეს ისრაელში.

„ახალი ტიპის ჰომოს აღმოჩენას უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. საშუალებას გვაძლევს, ახლებურად შევხედოთ ადრე აღმოჩენილ ადამიანთა ნამარხებს, კიდევ ერთ ნაჭერს მატებს ადამიანის ევოლუციის ფაზლს და წარმოდგენას გვიქმნის ძველ მსოფლიოში ადამიანთა მიგრაციების შესახებ“, — ამბობს კვლევის ავტორი, თელ-ავივის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ისრაელ ჰერშკოვიცი.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ, შუა პლეისტოცენის ხანის ბოლოს (474 000-130 000 წლის წინ), ნეშერ-რამლას ხალხს მომაჯადოებელი ამბის მოყოლა შეუძლია თავიანთ შთამომავლობის ევოლუციისა და ცხოვრების შესახებ.

ძვლები მიწაში, ზედაპირიდან 8 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს, ღია ცის ქვეშ არსებულ არქეოლოგიურ ძეგლ ნეშერ-რამლაზე. არქეოლოგებმა იქ ბევრ ნამარხს მიაკვლიეს — ძირითადად ცხოველთა ძვლებს, მაგრამ იქვე აღმოჩნდა ქვის იარაღები და უძველეს ადამიანთა ძვლების ფრაგმენტები.

მათ შორის იყო თხემის ძვლები (თავის ქალის ზედა და გვერდითა ნაწილები) და თითქმის სრული ქვედა ყბა სრული ძირითადი კბილებითა და ფესვებით. ანალიზებით დადგინდა, რომ ძვლები 140 000 – 120 000 წლის წინანდელია.

ვიზუალური რეკონსტრუქციით, ანალიზითა და ჰომინინთა სხვა ნამარხ ძვლებთან შედარებით, რაღაც საინტერესო გამოიკვეთა. ქვედა ყბა და კბილები ნეანდერტალისას ჰგავდა, მაგრამ თხემის ძვლები უფრო არქაული ჰომოსას.

გარდა ამისა, თავის ქალის რეკონსტრუქცია ძალიან განსხვავდებოდა ჰომო საპიენსის თავის ქალისგან — ჰქონდა უფრო დიდი კბილები, განსხვავებული სტრუქტურა და არ ჰქონდა ნიკაპი. აღმოჩენა მიუთითებს შუა პლეისტოცენის ხანის ჰომოს ერთ-ერთ უკანასკნელ გადარჩენილ პოპულაციებზე, დაახლოებით 400 000 წლის წინ.

მკვლევართა განცხადებით, ჰომო საპიენსი იქ დაახლოებით 200 000 წლის წინ გამოჩნდა და ადამიანის ეს ორი ტიპი ლევანტში დაახლოებით 100 000 წელიწადს ცხოვრობდა გვერდიგვერდ.

„განსაკუთრებული აღმოჩენაა. ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ადამიანის ისტორიის ასეთ გვიანდელ პერიოდში, ამ ზონაში ჰომო საპიენსის გვერდით არქაული ჰომოც ცხოვრობდა. ადამიანის ნამარხებთან დაკავშირებული არქეოლოგიური აღმოჩენები აჩვენებს, რომ ნეშერ-რამლას ჰომო ფლობდა ქვის იარაღების წარმოების მოწინავე ტექნოლოგიას და დიდი ალბათობით, ადგილობრივ ჰომო საპიენსთანაც ურთიერთობდა“, — ამბობს ამ აღმოჩენის შესახებ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის ავტორი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგი იოსი ზაიდნერი.

ძვლები არ შეიცავს დნმ-ს, რომელიც ამ ადამიანთა შესახებ გაცილებით მეტს გვეტყოდა, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მათ აღმოჩენას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩვენს წარმოდგენაზე ჰომინინების გამოჩენისა და მიგრაციის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ლევანტი ერთმანეთთან აკავშირებს აზიას, აფრიკას და ხმელთაშუა ზღვის აუზს, ამ რეგიონებში მიგრაციისას ადამიანებს მასზე უნდა გაევლოთ, რაც ლევანტს მათი ერთმანეთში შერევის ცხელ წერტილად აქცევდა.

„ჩვენი აღმოჩენა მიუთითებს, რომ დასავლეთ ევროპის სახელგანთქმული ნეანდერტალები უბრალო ნარჩენები არიან გაცილებით დიდი პოპულაციისა, რომელიც აქ, ლევანტში ცხოვრობდა“, — ამბობს ჰერშკოვიცი.

მკვლევრებმა მსგავსებებს მიაგნეს ადრე აღმოჩენილ ნამარხებთანაც, რომლებიც მათ საგონებელში აგდებდა, რადგან ისინი ბოლომდე არც ნეანდერტალთა კატეგორიას ეკუთვნოდა და არც ჰომოსას. შესაბამისად, ნეშერ-რამლას ხალხს შეიძლება ეკუთვნოდეს ტაბუნის მღვიმეში აღმოჩენილი 160 000 წლის წინანდელი ნამარხები, ზუტიეჰის მღვიმეში აღმოჩენილი 250 000 წლის წინანდელი ძვლები და ქესემის მღვიმეში ნაპოვნი 400 000 წლის წინანდელი ნამარხები.

თუ მართლაც ასეა, აღმოჩენამ შეიძლება ამოხსნას ნეანდერტალთა „ნაკლული“ პოპულაციის საიდუმლოც, რომელიც 200 000 წლის წინ ჰომო საპიენსთან შეჯვარდა, იქამდე, ვიდრე ევროპაში გამოჩნდებოდა. ევროპელ ნეანდერტალთა დნმ-ში ამ უძველესი კავშირის კვალი მეცნიერებს საგონებელში აგდებდა.

„უძველესი ნამარხები, რომლებსაც ნეანდერტალთა მახასიათებლები აღენიშნება, დასავლეთ ევროპაშია აღმოჩენილი; შესაბამისად, მკვლევრებს ზოგადად მიაჩნდათ, რომ ნეანდერტალები იქიდან იღებენ სათავეს. თუმცა, ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში სხვადასხვა სახეობათა მიგრაციებმა შეიძლება გენეტიკური წვლილი შეიტანა ნეანდერტალთა გენების „აუზში“, მათი ევოლუციის დროს“, — ამბობს ბინგჰემტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი როლფ ქუამი.

მისივე განცხადებით, ეს ამბავი ძალიან რთული გასარკვევია, მაგრამ თანდათან ვიგებთ, რომ ადამიანის სხვადასხვა სახეობებს შორის ურთიერთქმედება წარსულში იმაზე მეტად იყო ჩახლართული, ვიდრე აქამდე გვეგონა.

კვლევა ჟურნალ Science-ში ორ პუბლიკაციად გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.