საუდის არაბეთში 120 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაფეხურები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
საუდის არაბეთში 120 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაფეხურები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 120 000 წლის წინ, თანამედროვე საუდის არაბეთის ტერიტორიის ჩრდილოეთით, ჰომო საპიენსთა მცირე ჯგუფი წყლის დასალევად და საკვების მოსაპოვებლად შეჩერდა პატარა ტბასთან, რომელსაც ასევე ხშირად სტუმრობდნენ აქლემები, ბუფალოები და დღევანდელზე დიდი სპილოები.

ადამიანები შეიძლება ზოგადად ნადირობდნენ დიდ ძუძუმწოვრებზე, მაგრამ ამჯერად ისინი იქ დიდხანს არ გაჩერდნენ და დიდი გზაზე ტბასთან მხოლოდ ცოტა ხანს შეისვენეს.

დეტალური სცენა მეცნიერებმა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში აღადგინეს. კვლევა ეფუძნება ნეფუდის უდაბნოში აღმოჩენილ უძველეს ადამიანთა და ცხოველთა ნაფეხურებს, რომლებიც ახალ სინათლეს ჰფენს ჩვენს უძველეს წინაპართა აფრიკიდან გამოსვლის მარშრუტებს.

დღეისათვის არაბეთის ნახევარკუნძულზე გადაჭიმულია ვრცელი, არიდული უდაბნოები, რომლებიც ძალიან არასტუმართმოყვარე უნდა ყოფილიყო ადრეული ადამიანებისა და იმ ცხოველებისთვის, რომლებზეც ისინი ნადირობდნენ.

გასული ათი წლის განმავლობაში წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველთვის ასე არ იყო, რადგან ბუნებრივი კლიმატის ვარიაციების გამო, ეს რეგიონი მაშინ, ბოლო გამყინვარებათშორის პერიოდში, გაცილებით მწვანე და ნოტიო იყო.

„წარსულის გარკვეულ დროში, საუდის ნახევარკუნძულის შიდა ნაწილში არსებული უდაბნოები ვრცელ საძოვრებად გადაიქცა, სადაც მუდმივად იყო მტკნარწყლოვანი ტბები და მდინარეები“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი, ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი რიჩარდ კლარკ-უილსონი.

კვლევის პირველი ავტორის, გერმანიის მაქს პლანკის ქიმიური ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი მეთიუ სტიუარტი AFP-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნაფეხურები მან 2017 წელს, სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას აღმოაჩინა უძველესი ტბის, ალათარის დანალექების ეროზიულ მონაკვეთებში.

„ნაფეხურები ნამარხ მტკიცებულებათა უნიკალური ფორმაა, რომლებიც გვთავაზობს დროში აღბეჭდილ კადრებს, ძირითადად რამდენიმე საათის ან დღის მონაკვეთებს; ასეთ რეზოლუციას სხვა ფორმის ჩანაწერები ვერ გვაწვდის“, — ამბობს სტიუარტი.

ნაფეხურები დაათარიღეს მეთოდით, რომელსაც ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენცია ეწოდება — სინათლეს აშუქებენ კვარცის მარცვლებზე და ზომავენ მათ მიერ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობას.

აღმოჩენილი ასობით ნაფეხურის ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ შვიდი მათგანი ჰომინინებს ეკუთვნის; გაირკვა ისიც, რომ მათგან ოთხი ნაფეხურის ერთმანეთის მსგავსი ორიენტაციის, ერთმანეთისგან მანძილისა და ზომებში განსხვავებიდან გამომდინარე, ერთად მოგზაურობდა ორი ან სამი ინდივიდი.

მკვლევართა მტკიცებით, ეს ნაფეხურები თანამედროვე ადამიანებს ეკუთვნის და არა ნეანდერტალებს, რადგან როგორც ცნობილია, ეს ჩვენი გადაშენებული „ბიძაშვილები“ იმ დროისათვის ახლო აღმოსავლეთის ვრცელ რეგიონში წარმოდგენილი არ იყვნენ; ამავეს მიუთითებს ნაფეხურებზე დაყრდნობით აღდგენილი სიმაღლე და მასაც.

„ვიცით, რომ ადამიანები და ცხოველები ამ ტბას ერთდროულად სტუმრობდნენ და ამ ზონისათვის უჩვეულოა, რომ აღმოჩენილი არ არის ქვის იარაღები“, — ამბობს სტიუარტი და მისი ვარაუდით, ეს იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ადამიანებმა იქ გრძელვადიანი დასახლება ჰქონდათ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ადამიანები ამ ტბას წყლისთვის და საკვების მოსაპოვებლად იმავე დროს სტუმრობდნენ, როდესაც ცხოველები. სავარაუდოდ, ადამიანები მათზე ნადირობდნენ კიდეც.

განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა ყოფილიყო სპილოები, რომლებიც ახლომდებარე ლევანტის რეგიონში 400 000 წლის წინ გადაშენდნენ; ამ ტბასთან მათი არსებობა კი მიუთითებს მტკნარი წყლისა და მწვანე საფარის სხვა მრავალ რესურსებზე.

გარდა ამ ნაფეხურებისა, აღმოაჩინეს 223 ნამარხიც და სავარაუდოა, რომ ალათარის ტბის ბალახისმჭამელები ხორცისმჭამელ ნადირს იზიდავდა, ზუსტად ისე, როგორც დღეს აფრიკის სავანებშია.

პუბლიკაციის თანახმად, ჰომო საპიენსის პირველი ნაფეხურები აფრიკის გარეთ, დაახლოებით 210-180 ათასი წლის წინანდელია და აღმოჩენილია სამხრეთ საბერძნეთსა და ლევანტში.

სტიუარტის თქმით, ახალი კვლევა წარმოაჩენს, რომ ტბებისა და მდინარეების გასწვრივ მიმავალი შიდა გზები შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკიდან მომავალი ადამიანისთვის.

კვლევის თანაავტორის, მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრეის, მაიკლ პეტრაგლიას განცხადებით, სპილოების, ჰიპოპოტამების, სხვა დიდი ცხოველების, საძოვრებისა და წყლის დიდი რესურსების გამო, არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი სავარაუდოდ ძალიან მიმზიდველი ადგილი იყო აფრიკიდან ევრაზიისკენ მიმავალი ადამიანებისთვის.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.